თურქული პრესა 03.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1352006
თურქული პრესა 03.02.2020

                                              

                            

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ შეფასება მისცა რა ჩინეთის ქალაქ უხანში თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობების გაგზავნას, თქვა, რომ ამ ჰუმანიტარულმა აქციამ ჩინეთში დიდი დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. “უხანში მცხოვრები თურქების ევაკუაციის მიზნით გაგზავნილ თვითმფრინავში, დიდი ოდენობით სამედიცინო დახმარების მასალებიც გავაგზავნეთ და ასეთი დახმარება ჩინეთს მხოლოდ თურქეთმა და იაპონიამ გაუწია, რისგანაც დიდი მადლიერები დარჩნენ ჩინელები“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს იენი შაფაკი

Star-ი იუწყება, რომ გუშინ ანკარაში, ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტტინ ქოჯას ხელმძღვანელობით კორონავირუსის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა მინისტრმა და თქვა, "არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ უხანიდან ევაკუირებულ თურქეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კორონა ვირუსით დაავადების ნიშნები ჰქონდეთ, მაგრამ,  რისკის თავიდან მთლიანად აცილების მიზნით, მათ კარანტინში ვამყოფებთ და დეტალურ კვლევებს ჩავუტარებთ 14 დღის განმავლობაში“

“თურქეთის საბაჟოებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო წინასწარი ზომები მიიღება", ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ მათ საბაჟოებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო   სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომლებიც  აღჭურვეს ყველანაირი თანამედროვე ხელსაწყო-აპარატურებით და ჯანდაცვის სამინისტროს ამ საქმეში მონაწილეობა და დახმარება სთხოვეს

Hürriyet-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთმა, გასულ წელს ევროპაში გაყიდული ავტომანქანებისა და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობით (492 ათასი ცალი), უკან ჩამოიტოვა ევროპის 22 ქვეყანა რა, მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ევროპული საავტომობილო ბაზრის შეფასების ანგარიშის მონაცემების თანახმად, რომელიც შედგენილია ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მიერ, ავტომობილების ბაზარი 2019 წელს მხოლოდ 1.4 პროცენტით გაიზარდა და მთლიანობაში 18,5 მილიონი ავტომობილი გაიყიდა რა, როგორც წინა წლებში, გასულ წელსაც, ყველაზე მეტი ავტომობილები გერმანიამ საფრანგეთმა და ინგლისმა გაყიდეს

Sabah-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ CNR წიგნის მე -7 საერთაშორისო გამოფენა, რომელიც წელს ეწყობა დევიზით "გამოიკვლიეთ", 8-16 თებერვალს, სტამბოლის CNR Expo ცენტრში ჩატარდება. ამ გამოფენის ფარგლებში 300–ზე მეტი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ხელოვანებთან და პოეტ-მწერლებთან შეხვედრები, სემინარები, პანელები და სხვა. ამ წიგნის გამოფენაში სულ 300–ზე მეტი თურქული და უცხოური გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას და მასზე 500 ათასზე მეტ წიგნის მოყვარულს ელიან.



მსგავსი ინფორმაციები