თურქული პრესა 07.08.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1249220
თურქული პრესა 07.08.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ რიგით მე-11 ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი საუბრის დროს შეეხო სირიაში დაგეგმილი უსაფრთხო ზონის საკითხს და დასძინა: „სირიის ჩრდილოეთში არსებული ტერორის ჭაობის ამოშრობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ოპერაციებით „ევფრატის ფართ“ და „ზეთის ხილის რტოთი“ დაწყებულ პროცესს ძალიან მალე განსხვავებულ ეტაპზე გადავიყვანთ.“

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Baykar-ის ტექნიკურმა დირექტორმა და თურქეთის ტექნიკური გუნდის ფონდის (T3) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთის პირველი მფრინავი მანქანის სახელწოდებით  „CEZERİ“-ს  პროტოტიპი შექმნეს. ბაირაქტარის თქმით, პროტოტიპის წარმოების დასრულების შემთხვევაში „CEZERİ“ ფრენას Teknofest-ზე შეასრულებს.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქმა მეცნიერებმა, რომლებმაც ანტარქტიდაში ექსპედიცია წარმატებით დაასრულეს, პირველი თურქული არქტიკული სამეცნიერო ექსპედიციის ჩატარებით კვლევით მიმართულებებს ჩრდილოეთ პოლუსიც მიამატეს. ამ ფარგლებში, პირველი თურქული არქტიკული სამეცნიერო ექსპედიცია, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლუსების კვლევის ცენტრის ლიდერობით და თურქეთის „იშ ბანკი“-ს სპონსორობით ივლისში ჩატარდა. ექსპედიციის დროს მეცნიერებმა განსაკუთრებით კლიმატური ცვლილებების ეკოსისტემაზე გავლენის და გარემოს დაბინძურების საკითხები გამოიკვლიეს.

თურქეთში საჰაერო გზებით გადაადგილებულ მგზავრთა რაოდენობამ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 116 მილიონ 585 ათას 460-ს მიაღწია - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. სტამბოლის აეროპორტი ამ პერიოდში 22 მილიონ 143 ათას 50 მგზავრს მოემსახურა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ წელს ექსპორტიორებს გამიზნული აქვთ 50 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ლეღვის გაყიდვა და შორეული აღმოსავლეთის ბაზარზე საჰაერო გადაზიდვებით შესასვლელად ემზადებიან. ეგეოსის რეგიონის ნედლი ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ჰაირეთინ უჩაქმა განაცხადა, რომ საჰაერო გადაზიდვებით ექსპორტი დღითიდღე იზრდება და დაამატა: „წელს საჰაერო გადაზიდვებით 5 მილიონი დოლარის ნედლი ლეღვის ექსპორტს ვგეგმავთ. ამის დიდი ნაწილის შორეული აღმოსავლეთის ბაზარზე გაყიდვას ვაპირებთ.“

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები