თურქული პრესა 22.01.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

894043
თურქული პრესა 22.01.2017

 

                   

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HABER TÜRK-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ საღამოს შეფასება მისცა რა სირიის ქალაქ აფრინში დაბუდებული  ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ  დაწყებულ სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით ზეთისხილის რტო, თქვა, რომ როგორც მოულოდნელად დაიწყეს ეს ოპერაცია, ასევე უმოკლეს დროში დაამარცხებენ ტერორისტებს, გაათავისუფლებენ აფრინს და ასევე მოულოდნელად დაასრულებენ ამ ოპერაციას, რითაც ამ რეგიონიდან თურქეთის მიმართ მოსალოდნელ ყველანაირ საფრთხეს აღკვეთენ. „ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ცდილობენ ტერორისტები გაქცევას. ისინი გაიქცევიან, ხოლო ჩვენ მათ დავედევნებით და დავარტყამთ“, აღნიშნა ერდოღანმა

“გმირი თურქი ჯარისკაცები აფრინში შევიდნენ“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს HÜRRİYET-ი და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი გუშინ თურქეთის მას მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და თქვა, რომ ადგილობრივი დროით 11:05 საათზე თურქი მეჰმეტჩიკები, ე.ი. ჯარისკაცები აფრინის რაიონში შემავალ გულბაბას დასახლებაში შევიდნენ და დაიწყეს განაღმვითი სამუშაოები. “აფრინში სავარაუდოდ, დაახლოებით 8-10 ათასი ქურთი ტერორისტია და ზეთისხილის რტოს ფარგლებში 4 ეტაპიან იერიშს განვახორციელებთ რა, უმოკლეს დროში აფრინს ქურთი ტერორისტებისგან გავწმენდთ“, განაცხადა ილდირიმმა, წერს ჰურრიეთი

YENİ ŞAFAK-ის ცნობით კი, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, სხვა ძალების მეთაურებთან ერთად სირიის მოსაზღვრე თურქეთის ქალაქ ჰათაიში ჩავიდა და აქედან აკონტროლებენ ზეთისხილის რტოს ოპერაციას. აქვე გავრცელებულ განცხადებაში აქარმა თქვა, რომ უდიდეს ძალისხმევას იჩენენ, რათა ამ ოპერაციის დროს სამოქალაქოები არ დააზარალონ

STAR-იც აშუქებს აფრინის ოპერაციას და გენშტაბის ინფორმაციებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2 დღის განმავლობაში  PYD-ს და DEAŞ-ის კუთვნილი 153 სამიზნე იქნა განადგურებული და რომ თურქეთის არმია ამ ოპერაციის დროს მხოლოდ ტერორისტებს ანადგურებს

VATAN-ის კორესპონდენტი თურქეთ-სირიის საზღვრიდან იტყობინება, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები,  აფრინს თავშეფარებული ქურთული PKK/PYD-ს წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაში თვით თურქეთის მიერ წარმოებულ მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიას იყენებს, მათ შორის სამამულე წარმოების ეროვნულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ჯერ ტერორისტების სამიზნეებს აფიქსირებენ, შემდეგ კი მათ მიწასთან ასწორებენ. ასე რომ, ქურთი ტერორისტები ამ აპარატებს ვერსად ვერ ემალებიან და განწირულნი არიან დამარცხებისათვის, წერს ვათანის კორესპონდენტი



მსგავსი ინფორმაციები