თურქული პრესა 29.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

878173
თურქული პრესა 29.12.2017

 

                  

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hüriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ დადებითი შეფასება მისცა აშშ-სთან სავიზო პრობლემის მოგვარებას და იმედი გამოთქვა, რომ  ეს პოზიტიური ნაბიჯი ასახვას ჰპოვებს სხვა პრობლემების მოგვარებაშიც. “ამჟამად ორ სახელმწიფოს შორის ერთი სამუშაო ჯგუფია შექმნილი და როგორც კი თურქეთსა და აშშ-ს შორის რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, ისინი შესაბამის სტრუქტურებს ჩარევენ საქმეში და წარმოქმნილი კრიზისების გაღრმავებას აღკვეთენ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ჰურრიეთი

Yeni Şafak-ი იტყობინება, რომ პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტო, TÜBİTAK-ის დაჯილდოების ცერემონიაზე და თქვა, რომ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება სერიოზული საფრთხე გახდა ყველასთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის. “ადრე ინტერნეტ კაფეები იყო მოდაში, ახლა ფირმებს პირდაპირ სახლებში ხსნიან და იქიდან წარმართავენ ყველაფერს. ე.ი. რადიაცია ახლა სახლებში შევიდა, რაც არის ძალიან სერიოზული, ნარკომანიის მსგავსი დაავადება, ამიტომაც ახლავე უნდა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები. თუ ორიოდე წლის ბავშვი  ხელში ტელეფონით დადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი უკვე ტექნოლოგიის მსხვერპლი გახდა და სასწრაფოდ უნდა ჩავერიოთ ამ საქმეში და ახალი თაობის ბავშვები უნდა აღვზარდოთ“, აღნიშნა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი

Haber Türk-ი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის საუდის არაბეთში ვიზიტს აშუქებს და წერს, რომ მან მის თანმხლებ ჟურნალისტებთან საუბარში მეტად დადებითი უწოდა ამ ვიზიტს. “სხვადასხვა საკითხებში საუდის არაბეთთან 90%-იან დონეზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს და ჩვენი თვალსაზრისები ერთმანეთისას ემთხვევა. თუმცა არსებობს გარკვეული, მცირედი საკითხებიც, რომლებშიც განსხვავებული მიდგომები გვაქვს და დიალოგის გზით მათაც მოვაგვარებთ“, განაცხადა ილდირიმმა

Sabah-ი თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრის, აჰმეტ არსლანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ დარდანელის სრუტეზე მშენებარე 1915 წლის ჩანაქკალეს სახელობის ხიდს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ჩამოკიდებული ხიდი იქნება, 2023 წელს, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავზე გადასცემენ ექსპლუატაციაში

“Bora-12 არ ინდობს ტერორისტებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის არმია წარმატებით იყენებს სამამულე წარმოების სნაიპერის შაშხანას Bora 12-ს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტების რისხვად გადაიქცა. მას უკვე ჟანდარმერიაშიც იყენებენ და პოლიციაშიც, რაც უადვილებს მათ ანტიტერორისტულ ბრძოლას, ხოლო ამის პარალელურად შეკვეთები მოდის საზღვარგარეთიდანაც და ალბათ უახლოეს ხანებში თურქული სნაიპერული შაშხანების ექსპორტიც დაიწყება, წერს სტარი



მსგავსი ინფორმაციები