თურქული პრესა 20.11.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

850915
თურქული პრესა 20.11.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაიბურთში მოწყობილ მიტინგზე და თქვა, რომ ამ ბოლო დროს დასავლეთში მის წინააღმდეგ დაწყებული უარყოფითი კამპანია არა პირადად მისი, ან მისი პარტიის, არამედ პირდაპირ თურქეთის რესპუბლიკის და თურქი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო ამის მთავარი მიზეზი კი, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის უფრო მეტად განმტკიცება და დასავლეთისადმი დაუმორჩილებლობა არის. ამავე სიტყვაში ერდოღანი,  დასავლეთის ამ ანტი თურქული კამპანიებისადმი ოპოზიციის უარყოფით განწყობას და მათი  ხელისუფლების გვერდით დგომას მიესალმა, წერს საბაჰი

Hürriyet-ი ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს წვრთნების დროს მომხდარ ანტი თურქულ სკანდალს და მის შედეგებს აშუქებს. ხსენებული წვრთნების დროს ნატოს ჯარისკაცებს ცეცხლი უნდა გაეხსნათ მტრის ცოცხალი ძალებისთვის და სამიზნეებს შორის ათათურქის და ერდოღანის სურათებიც ეკიდა, რამაც აღაშფოთა ანკარა და ამ წვრთნებში მონაწილე 40-მა თურქმა სამხედრომ დაუყონებლივ დასტოვა ნატოს მანევრები, ხოლო ანკარამ კი მკაცრი განცხადებები გაავრცელა. ამ სკანდალის კვალდაკვალ ნატომ სამჯერ მოუხადა ოფიციალური ბოდიში თურქეთს და დამნაშავეებიც გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომლებიც სავარაუდოდ ფეტოს ტერ ორგანიზაციის წევრები არიან და უნდოდათ თურქეთისა და მისი ლიდერების დამცირება. თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა კი თქვა, რომ ამ სკანდალს ნატოს არ აპატიებენ

Vatan-ის ცნობით, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეწყვეტის მიზნით 22 ნოემბერს სოჭში, პუტინ-ერდოღან-რუჰანის მონაწილეობით სამიტი გაიმართება. მანამდის კი სირიის სამშვიდობო პროცესი გუშინ ანტალიაში, ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, მევლუტ ჩავუშოღლუს, სერგეი ლავროვისა და ჯევად ზარიფის მონაწილეობით ჩატარებულ დახურულ შეხვედრაზე განიხილეს და ყველა განხილულ საკითხში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, იუწყება ვათანი

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმეტ არსლანმა რიზე-ართვინის მშენებარე აეროპორტი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ამ უნიკალურ პროექტს,  რომელიც ზღვაში შენდება და ეს იქნება ზღვაზე მშენებარე თურქეთში რიგით მეორე, ხოლო მსოფლიოში მესამე აეროპორტი. მინისტრის განცხადებით, ამ აეროპორტის 390 მეტრის სიგრძის ტალღამტეხის მშენებლობა უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ახლა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას დაიწყებენ

“ცრემლიანი გაცილება ლეგენდარულ სპორტსმენს“, ასეთი სახელწოდების სტატიით ეხმიანება Haber Türk-ი მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიადების მრავალგზის ჩემპიონის, თურქი მძლეოსნის, ნაიმ სულეიმანოვის გასვენების ცერემონიალს. “ლეგენდარული სპორტსმენი არ დაივიწყა მისმა მუდმივმა მეტოქემ, ბერძენმა მძლეოსანმა ვალერიოს ლეონიდისმა და ისიც ცრემლებით გამოემშვიდობა 50 წლის ასაკში დაღუპულ თურქ მეტოქეს“, აღნიშნავს ჰაბერთურქი  



მსგავსი ინფორმაციები