თურქული პრესა 21.09.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

811244
თურქული პრესა 21.09.2017

                                     

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah -ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ ორკში, Bloomberg-ის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ბიზნეს ფორუმში და ისაუბრა რუსეთისგან შესასყიდ  S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე. “როცა ჩვენს მეზობელ სირიას აქვს ასეთი ტიპის რაკეტები, რატომ არ უნდა ჰქონდეს თურქეთს ასეთი, ანდა თუნდაც S-400, S-500, S-600 ტიპის რაკეტები?. ესენი ხომ თავდაცვის იარაღები არიან და ამ მეტად არეულ რეგიონში განა არ უნდა მივიღოთ თავდაცვის ზომები? რა თქმა უნდა ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებლად ვიყიდით მსგავს ბალისტიკურ რაკეტებს“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ მომავალ ხუთშაბათს ანკარას ეწვევა პუტინი და S-400 ტიპის რაკეტების შესყიდვის დეტალებსაც სწორედ მაშინ დააზუსტებენ, წერს საბაჰი

Hürriyet-ის კორესპონდენტი თურქეთ-ერაყის სასაზღვრო ზონიდან იუწყება, რომ ამ რეგიონში განლაგებულმა თურქეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გუშინაც გააგრძელეს სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტანკებმა და ჰაუბიცებმაც. “ეს წვრთნები თურქეთის არმიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ ერაყის ქურთულმა ავტონომიამ განაცხადა, რომ უარს არ იტყვიან 25 სექტემბრისათვის დანიშნულ  დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე“, წერს ჰურრიეთის კორესპონდენტი   

Vatan-ის ნიუ ორკელი თანამშრომელი კი იტყობინება, რომ დღეს ამ ქალაქში,  Empire State-ს შენობის გვერდზე, თურქული სავაჭრო ცენტრის ფილიალი იხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოებას. ფილიალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბექჩი, რომლის თქმითაც, ნიუ ორკის ფილიალი დიდ წვლილს შეიტანს თურქი ექსპორტიორების ამერიკულ ბაზარში შესვლას

Star-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, “მისტიკური მუსიკის კვირეული კონიაში“ და მასში ვკითხულობთ: ცენტრალური ანატოლიის ქალაქ კონიაში ხვალ აიღებს სტარტს კონიის მე-14 საერთაშორისო მისტიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მრავალი ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებიც. ამავე სტატიით, ფესტივალს კონიის მევლანას სახელობის კულტურის სახლი უმასპინძლებს  

Habertürk-ი თურქ ფეხბურთის მოყვარულებს ახარებს და წერს, რომ 2019 წლის უეფას სუპერთასის მატჩს სტამბოლი უმასპინძლებს. “UEFA-ს აღმასრულებელმა საბჭომ გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული შეხვედრის შემდეგ 2019 წლის სუპერთასის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა დაასახელა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით 2019 წლის სუპერთასის მატჩი სტამბოლში,  ბეშიქთაშის ვოდაფონ პარკის სტადიონზე  გაიმართება“, წერს ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები