თურქული პრესა 19.06.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

755344
თურქული პრესა 19.06.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ხვალ პარიზის ბურგეტის სახელობის აეროპორტში საზეიმოდ გაიხსნება მსოფლიოს ყველაზე უდიდესი და პოპულარული, საჰაერო და კოსმოსური მანქანების გამოფენა “Paris Air Show“-ი, რომელზედაც ხსენებული მრეწველობის ბოლო მიღწევები გამოიფინება და მასზე მსოფლიოს მრავალ ფირმას შორის თურქული საავიაციო ფირმა TAI-ს პროდუქციაც იქნება გამოფენილი. ამავე გამოფენის ფარგლებში საჩვენებელ გამოსვლას მოაწყობს ტაის მხრიდან წარმოებული თურქული სასწავლო თვითმფრინავი Hürkuş-ი. პარიზის გამოფენას დაამშვენებს ასევე თურქეთის მხრიდან წარმოებული სამოქალაქო და სამხედრო ტიპის ვერტმფრენი  T 625-ი, რომელსაც 6 სავარძელი გააჩნია, არის 6 ტონის სიმძიმის და მასიურ ფრენებს მომავალი წლიდან დაიწყებს. გარდა ამისა, ტაის მხრიდან წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი ANKA-S-იც პირველად იქნება ნაჩვენები ამ გამოფენაზე, წერს ვათანი

Habertürk-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით: “აშშ-თურქეთს შორის F-35-ის შეთანხმება” და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა და კიდევ თერთმეტმა სახელმწიფომ ამერიკისაგან სულ ცოტა 440 ცალი  F-35 ტიპის გამანადგურებლის ყიდვის შეთანხმება დადეს, რომლის საერთო ფასი 37 მილიარდი დოლარია და ეს ერთგვარი კომერციული რეკორდი იქნება. ამ ამერიკული “აჩრდილი“ თვითმფრინავების წარმოება 2006 წელს დაიწყო და ისინი ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევებით არიან აღჭურვილნი. მას პირველად ხვალ, პარიზის საავიაციო გამოფენაზე წარადგენენ. ზემოთ ხსენებულ შეთანხმებას კი გასულ კვირას, მარილანდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოეწერა ხელი და თურქეთის გარდა მყიდველებს შორის არიან ავსტრალია, დანია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, ინგლისი და თვით აშშ-ი.  

Star-ის მიხედვით თურქული არმია ერთობლივ წვრთნას ჩაატარებს კატარის არმიასთან და ამ მიზნით გუშინ კატარში ჩავიდა თურქული არმიის ქვედანაყოფი. როგორც ცნობილია ტერორიზმისადმი მხარდაჭერის  ბრალდებით კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს ზოგიერთმა არაბულმა ქვეყნებმა, ხოლო ამ დროს თურქეთის პარლამენტმა კი თურქი ჯარების კატარში გაგზავნის კანონ-პროექტი ხმის უმრავლესობით დაამტკიცა, აღნიშნავს სტარი

Sabah-ი იტყობინება, რომ ისრაელის არმიის მხრიდან ალყაშემორტყმული ღაზელებისათვის ანკარამ მორიგი ჰუმანიტარული დახმარების პარტია გააგზავნა და 10600 ტონით სავსე “Acqua Stella“-ს სახელწოდების გემმა გუშინ გეზი ღაზისკენ აიღო რა, რამაზან ბაირამობას კარგ ძღვენს მიიღებენ პალესტინელი პატარებიც, რადგან, კვების პროდუქტებთან ერთად, ტანსაცმელი, ველოსიპედები, საკანცელარიო ნივთ-საგნები და სათამაშოებიც საკმარისად არის. ასე რომ, გასული წლის რამაზან-ბაირამობის მსგავსად ღაზელი ბავშვები წლევანდელ ბაირამობაზეც მოილხენენ, ხაზს უსვამს საბაჰი

“დანიაში ისლამი ვარდის ყვავილებით გააცნეს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს  გაზეთიYeni Şafak-ი და მასში წერია: დანიის ისლამური საზოგადოების ახალგაზრდებმა ქვეყნის დედაქალაქ კოპენჰაგენის ცენტრში მინარეთის მაკეტიანი კარავი გაშალეს და მასში “მე მუსლიმანი ვარ“ დევიზით კულტურულ-რელიგიურ ღონისძიებას ხელმძღვანელობენ, რომლის ფარგლებში კარავში მისულ დანიელებს ვარდის ყვავილებს ჩუქნიან და თან ისლამს აცნობენ რა მათ, ამით დანიაში მუსლიმანების მიმართ არსებულ უარყოფით იმიჯს აქარწყლებენ. მუსლიმანი ახალგაზრდების ამ მცდელობებს დადებითი ნაყოფი გამოაქვთ და დანიელებთან ერთად აქ ჩამოსულ ტურისტებსაც ისლამის მიმართ პოზიტიური ხედვა ექმნებათ, წერს იენი შაფაკი და ამატებს, რომ ასეთ გონივრულ ღონისძიებებს დანიელი მუსლიმანი ახალგაზრდები ხშირად აწყობენ და მოკრძალებული წვლილი შეაქვთ დანიელებში ანტი მუსლიმური განწყობილების პრო მუსლიმურად გადაქცევაში   



მსგავსი ინფორმაციები