თურქული პრესა 29.07.2016

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

540191
თურქული პრესა 29.07.2016

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, პრემიერის ჩანკაიას რეზიდენციაში ბინალი ილდირიმის თავჯდომარეობით უმაღლესი სამხედრო საბჭოს მეტად კრიტიკული სხდომა გაიმართა, რომელზედაც ცვლილებებს ელოდნენ გენშტაბში. მაგრამ, რაიმე სიურპრიზი არ მოხდა და ფაქტიურად სარდლობა იგივე დარჩა, რაც იყო აქამდე. ასე რომ, გენშტაბის უფროსად კვლავ არმიის გენერალი ჰულუსი აქარი დარჩა, სახმელეთო ძალების უფროსიც არ შეცვლილა და ეს პოსტი კვლავ შეინარჩუნა არმიის გენერალმა სალიჰ ზექი ჩოლაქმა, საჰაერო ძალების უფროსის თანამდებობა შეინარჩუნა არმიის გენერალმა აბიდინ უნალმა, ხოლო საზღვაო ძალების უფროსად დარჩა არმიის ადმირალი ბულენტ ბოსტანოღლუ. თადარიგში მხოლოდ ჟანდარმერიის უფროსი გალიპ მენდი გაუშვეს რა, მის ადგილზე გენშტაბის უფროსის მოადგილე იაშარ გულერი დაინიშნა, ხოლო ამ უკანასკნელის პოსტი შეითავსა პირველი არმიის უფროსმა, არმიის გენერალმა უმიტ დუნდარმა, აღნიშნავს იენი შაფაკი

საბაჰის ცნობით სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპულ შეჰიდთა ოჯახების მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით სამთავრობო დონეზე დაიწყო 15 ივლისის თანადგომისა და სოლიდარობის კამპანია, რომლის ფარგლებში საბანკო ანგარიშები გაიხსნა რამდენიმე თურქულ ბანკში, ხოლო ამის პარალელურად    Turkcell-ის, Vodafone-ს და Türk Telekom Avea-ს GSM-ის ოპერატორებიდან "15 Temmuz"-ის მესიჯის 1507 მოკლე SMS-ზე გაგზავნით 5 ლირის ოდენობის თანხის ჩუქებაც შეიძლება

“პუტჩმა ვერ შეაჩერა უცხოელი ინვესტორები“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაციის მხრიდან 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ვერ შეაშინა თურქეთში მოქმედი უცხოელი ფირმები და ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Microsoft-ი, IBM-ე, Nestle, Toyota, 3M და Sumitomo Rubber-ი, ნდობისა და ინვესტიციების გაგრძელების მესიჯები გაავრცელეს, რომლებშიც აღნიშნეს, რომ თურქეთის ეკონომიკის და ზრდის პოტენციალის სჯერათ, ხოლო ამის პარალელურად კმაყოფილები და მოხარულები არიან, რომ ბიზნესს თურქეთში აკეთებენ და მოკრძალებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში

ჰაბერ თურქის მიხედვით ანკარამ დაიწყო ოფიციალური მუშაობა, რათა უცხოეთში მოქმედ 1500-მდე თურქულ სკოლას, რომლებიც ფეტულაჰ გულენის მიერ არიან გახსნილნი, არ ერქვათ თურქული სკოლები. ამ საკითხის შესახებ დეტალურად იმსჯელეს უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების დეპარტამენტში და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა პუტჩისტი გულენის კუთვნილი სკოლები თურქეთის რესპუბლიკის სახელს არ ატარებდნენ, ხოლო ამის პარალელურად გულენის პუტჩისტური საქმიანობის შესახებ მსოფლიოს 11 ენაზე გაავრცელებენ სპეციალურად მომზადებულ ტექსტს

 ჰურრიეთი ეკონომიკის გვერდზე იტყობინება, რომ უკრაინის ქალაქ დნეპროში გამოცხადებულ მეტროს ტენდერში თურქულმა კლუბმა Limak İnşaat-მა გაიმარჯვა. 224 მილიონი ევროს ღირებულების მეტროს ხაზი 4,5 კმ-ის იქნება და მას 3 სადგური ექნება. სხვათა შორის ლიმაქ ინშაათმა ეს ტენდერი მოუგო მასში მონაწილე 30-მდე უცხოურ სამშენებლო ფირმას და დნეპროს მეტროს დიზაინს და ელექტრო მექანიკურ სამუშაოებსაც ისინი შეასრულებენ. ამ თურქულმა კომპანიამ გასულ წლებში კუვეიტის საერთაშორისო აეროპორტის ტენდერში გაიმარჯვა და ეს აეროპორტი უკვე გადასცა ექსპლოატაციაში



მსგავსი ინფორმაციები