თურქული პრესა 08.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

403575
თურქული პრესა 08.12.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებულმა პირისპირმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის კრიზისის, ახალი კონსტიტუციისა და საპრეზიდენტო სისტემის საკითხებში ხალხის დიდი ნაწილი პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს მხარს უჭერს. გამოკითხვის შედეგებით საპრეზიდენტო სისტემის საკითხში კრიტიკული ბარიერი გადაილახა და მეჯლისში განსახორციელებელი ცვლილებების რეფერენდუმზე გატანის შემთხვევაში იგი ხალხის მიერ მიღებული იქნება.

გაზეთ „სტარ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „სრუტეში 750 მილიონი დოლარის ღირებულების შეხვედრა“, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის მიერ, თურქეთის ექსპორტიორთა გაერთიანების მასპინძლობით სტამბოლში გასამართი მეექვსე ბოღაზიჩის სამიტი ხვალ იწყება. სამიტი, რომელსაც პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი გახსნის, წელს „ნაკლები სიღარიბის, მეტი კეთილდღეობის“ თემაზე ჩატარდება. ბოღაზიჩის სამიტს, რომელიც, სავარაუდოდ, თურქულ ფირმებს 750 მილიონი დოლარის მოცულობის საქმეს მოუტანს, 80 ქვეყნის 2 ათასზე მეტი პოლიტიკოსი და საქმიანი სამყაროს წარმომადგენელი დაესწრება. ბოღაზიჩის სამიტი 11 დეკემბერს დასრულდება.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ თურქეთისათვის ეკონომიკური სანქციების დამწესებელი რუსეთის ბაზრებს ოპეკმა დაარყა. პარასკევს ოპეკის წევრების დღიური წარმოების კვოტაზე ვერ შეთანხმების გამო, გუშინ ნავთობის ფასი 3,98%-ით 41,30 დოლარამდე შემცირდა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ბაზრებს. მომხდარის შემდეგ რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 1,5%-ით გაუფასურდა და რუსეთის ბირჟა კი 2,46%-ით შემცირდა.

„იენი შაფაკი“-ს ცნობით, ტურიზმის სექტორი ბოლო წლებში გაზრდილი ტურისტების რაოდენობის 12 თვეზე გადანაწილებას ცდილობ, რისთვისაც უპირატესობას ზამთრის ტურიზმში ინვესტიციების ჩადებას ანიჭებენ. ტურისტული სასტუმროების, ოპერატორებისა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ თიმურ ბაინდირმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი, არამედ ყველა ბიუჯეტისათვის ხელმისაწვდომი ობიექტი უდნა იქნას ამოქმედებული.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ინდოეთის ცნობილი პოლიტიკოსების აგარვალისა და აჰლავათის ოჯახების შვილებმა ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში 4 დღიანი ქორწილი გადაიხადეს, რომლის ხარჯებმა 1 მილიონი ევრო შეადგინა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები