თურქული პრესა 18.11.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

367004
თურქული პრესა 18.11.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ პარიზის ტერაქტების დამგეგმავი და ორგანიზატორი, ბელგიის მოქალაქე სალიჰ აბდესალამი, ამ ზაფხულს თურქეთში დაუკავებიათ და უკან, ბელგიისათვის დაუბრუნებიათ, სადაც იგი დაუკითხავთ, მაგრამ, არ დაუკავებიათ, რადგან, დაკითხვის დროს რაიმე საეჭვო არაფერი დაუფიქსირებიათ მის განზრახვებში. გარდა ამისა, ანკარას ბელგიისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიუცია ასევე მეორე ბელგიელი მოქალაქის, ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის წევრი და ამავე დროს პარიზის თავდასხმის მონაწილე აბდულჰამიდ აბაიუდის შესახებაც და ხაზი გაუსვიათ, რომ იგი ემზადება ტერაქტისათვის, მაგრამ, ბელგიის დაზვერვას არც ეს ინფორმაცია მიუღია ყურად


იენი აქიტის საერთაშორისო მიმომხილველი იუწყება, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ გახშირდა თავდასხმები როგორც დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმანებზე, ასევე მეჩეთებზე. ამის მაგალითად კი მოჰყავს გუშინ, კანადის ქალაქ ტორონტოში ჯერ ერთ მუსლიმან ქალზე განხორციელებული თავდასხმა, შემდე კი ამავე ქალაქში მოქმედი მეჩეთის დაწვის მცდელობაც. საფრანგეთის ქალაქ გამბრაიში კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 1 თურქი მოქალაქე. ქალაქ ლილში სპეციალური ნიშნები დაადეს მუსლიმანთა საცხოვრებელ ბინებს. გერმანიის ქალაქ დრეზდენში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ანტი ისლამური მოთხოვნებით, აღნიშნავს იენი აქიტის მიმომხილველი


საბაჰი ეკონომიკის გვერდზე იტყობინება, რომ დღეს სტამბოლში სტარტს აიღებს საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, რომლის ორგანიზატორია ატლანტიკური საბჭო და მის ფარგლებში მსოფლიოს ყველაზე უდიდესი ენერგეტიკული ფირმების წარმომადგენლები განიხილავენ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოების, ენერგეტიკული სისტემის ტრანსფორმაციის, ბუნებრივი გაზის სამხრეთ დერეფნის, გლობალური ეკონომის და სხვა მსგავს საკითხებს


სტარის მიხედვით მსოფლიო ლიდერები ძალზედ კმაყოფილნი დარჩნენ ანტალიაში ჩატარებული სამიტით და გავრცელებულ განცხადებებში მაღალი შეფასებები მისცეს როგორც სამიტის ორგანიზაციას, ასევე ანტალიის სტუმართმოყვარეობასაც. აქვე ობამას განცხადებაცაა მოყვანილი, რომელიც პირობას იძლევა, რომ გოლფის სათამაშოდ კიდევ ერთხელ აუცილებლად ეწვევა ამ ქალაქს


ჰაბერთურქის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთში მიმდინარე წელს 548 ათასი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა და ამით ევროპაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ამავე ცნობით მთლიანად ევროპაში ამ 10 თვის განმავლობაში 12 მილიონამდე ავტომობილი გაიყიდა, რაც 8,2%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები