თურქული პრესა 05.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

315422
თურქული პრესა 05.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ანკარაში მიმდინარე უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე მორიგი საკადრო ცვლილებები მოხდა არმიის უმაღლეს ეშელონებში. თადარიგში დათხოვნილი შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ნეჯდეთ ოზელის მაგივრად სახმელეთო ძალების უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი დაინიშნა, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე კი, პირველი არმიის სარდალი სალიჰ ზექი ჩოლაქი მოვიდა. საჰაერო ძალების უფროსად არმიის გენერალი აბიდინ უნალი დაინიშნა, საზღვაო ძალების უფროსს, არმიის ადმირალ ბულენტ ბოსტანჯიოღლუს კი კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს თანამდებობა

იენი შაფაკის ცნობით მიმდინარე წლის 9 სექტემბერს თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში თურქეთის პირველი საერთაშორისო ბიო სამედიცინო და გენომის ცენტრი გაიხსნება. მის მშენებლობაზე 150 მილიონი ლირა დაიხარჯა და აქ ტუბერკულოზიდან და ფებრილური დაავადებიდან დაწყებული, ფრინველის გრიპისა და კიბოს დაავადებების მკურნალობისათვის საჭირო ე.წ. ჭკვიანი წამლების წარმოება მოხდება. ამ ფარმაცევტული ფაბრიკის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ერდოღანიც, ხაზს უსვამს იენი საფაკი

“კუბელები კაისერიში გახსნიან ფარმაცევტულ ქარხანას“, ასეთი სახელწოდების სტატის აქვეყნებს საბაჰი და მასში ვკითხულობთ: ერდოღანის გასულ წელს კუბაში ვიზიტის შემდეგ ამ ქვეყნის ინვესტორებმა თურქეთში კაპიტალის დაბანდება გადაწყვიტეს. კუბელი ინვესტორები სტამბოლში მოქმედ ფარმაცევტულ ფირმა “Hasbiotech“-თან ერთად ახალ ფარმაცევტულ ფაბრიკას ააშენებენ ცენტრალური ანატოლიის ქალაქ კაისერიში, რომელშიც ჰეპატიტ C-ს საწინააღმდეგო და კიდევ მოლეკულების შემქმნელ ორიგინალურ წამლებს გამოუშვებენ. ამ ფაბრიკის მშენებლობა 30 მილონი ლირა დაჯდება, იტყობინება საბაჰი

მილლიეთი წერს, რომ სტამბოლის მერიის სპორტული კლუბის წევრმა ექვსმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცურავემ საფრანგეთსა და ინგლისს შორის მდებარე ლა მანშის სრუტე გადაცურეს და პირველი ადგილი დაიკავა 47 წლის ჩილემ ჩელიქმა. ამ შედეგით ქ-ნი ჩილემი გახდა პირველი თურქი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოცურავე, რომელმაც16 საათში გადაცურა ლა მანში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები