თურქული პრესა 30.07.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

307603
თურქული პრესა 30.07.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩინელ ინვესტორებთან შეხვედრებზე თურქეთის მეგა პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ჩინელი ინვესტორები ყველაზე მეტად ამ პროექტებს შორის ე.წ. Kanalİstanbul-მა, ე.ი. სტამბოლის არხმა დააინტერესა, რომელიც ბოსფორის სრუტის პარალელური იქნება და ევროპულ ნაწილში გაითხრება რა, ბოსფორის სრუტის მსგავსად შავ ზღვას და მარმარილოს ზღვას ახალი არხით დააკავშირებს. ჩინელებმა ამ მეგა არხის მშენებლობისათვის იმის ნახევარი ფასი მოითხოვეს, რასაც ანკარას სთავაზობდნენ მსოფლიოს უდიდესი სამშენებლო ფირმები, წერს საბაჰი

ერდოღანის ჩინეთში ვიზიტს აშუქებს იენი შაფაკიც და წერს, რომ ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში სამ წლიან სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში თურქეთში ჩინელი ინვესტორებისათვის თავისუფალი სავაჭრო ზონა შეიქმნება, სადაც წარმოებაზე დასაქმებული ჩინური ფირმები იმუშავებენ. ერდოღანს ამ ვიზიტისას თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბექჩი, რომელმაც ჩინელებს ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდათ ენერგეტიკის სფეროში, წერტილს სვამს იენი შაფაკი

“ბარ რაფაელი სტამბოლში ჩამოდის“, ასეთი სახელწოდების სტატიაში სტარის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ 24-30 აგვისტოს შორის სტამბოლის სავაჭრო ცენტრ ლალეში მორიგი სავაჭრო ფესტივალი "LALELİ Fashion Shopping“-ი გაიმართება, რომლის ფარგლებში სტამბოლს ეწვევა მსოფლიოს სახელგანთქმული ტოპ მოდელი ბარ რაფაელი და იგი ამ ფესტივალის ეგიდით გამართულ პოდიუმზე ახალი თურქული მზა ნაწარმების მოდელებს აჩვენებს

ჰურრიეთის ცნობით კი თურქეთის ეგეოსის ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბოდრუმში ისვენებენ ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ტომ ჰანქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი, რომლებიც მეტად კმაყოფილნი არიან ამ ქალაქში ჩამოსვლით და მომავალში ჩამოსვლასაც გეგმავენ

მილლიეთი წერს, რომ მართალია რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო თურქეთში ჩამოსულ რუს ტურისტთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა, სამაგიეროდ 11%-ით მოიმატა გერმანელი ტურისტების, 8%-ით ირანელი და 61%-ით კი ჩინელი ტურისტების რაოდენობამ

ჰაბერ თურქი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ 5 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ლვოვში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მე-3 წინა საკვალიფიკაციო ტურის საპასუხო მატჩში დონეცკის “შახტიორი“ სტამბოლის “ფენერბახჩეს“ მიიღებს და სტუმართა ფანებისათვის აქამდე თუ 2 ათასამდე ადგილი იყო გამოყოფილი, ეს ციფრი 4 ათასამდე გაზარდეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები