თურქული პრესა 09.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

296085
თურქული პრესა 09.06.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოთხმა პარტიამ შესძლო საარჩევნო 10%-იანი ბარიერის გადალახვა. პირველი ადგილზე კვლავ მმართველი, სამართლიანობისა და აღორძინების პარტია გავიდა, რომელმაც 259 სავარძელი მოიპოვა, თუმცა მან ვერ შესძლო მარტოდ მარტო მთავრობის შექმნისათვის საჭირო 276 ადგილის მოპოვება და ამიტომ ახლა მმართველი პარტიის კოალიციას ელიან ბარიერ გადალახულ რომელიმე პარტიასთან და თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულმა სახალხო რესპუბლიკურმა, ეროვნულმა მოძრაობამ და ქურთულმა ხალხის დემოკრატიულმა პარტიებმა შეიძლება კოალიცია შექმნან, ვარაუდობს საბაჰი

“დეპუტატ ქალთა რაოდენობა გაიზარდა“, ასეთი სათაურით აშუქებს არჩევნებს ჯუმჰურიეთი და წერს, რომ 550 სავარძლიან პარლამენტში 92 დეპუტატი ქალი იქნება, როცა წინა არჩევნებში ეს რიცხვი 79 იყო. ე.ი. პროცენტების ენით თუ ვილაპარაკებთ, წინა, 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალები 14%-ით იყვნენ წარმოდგენილნი, ამჯერად კი ამ ციფრმა 17,7%-ს მიაღწია. გარდა ამისა, პირველად ბოლო 54 წლის განმავლობაში პარლამენტში ერთდროულად შევიდა 3 სომეხი დეპუტატი, წერს ჯუმჰურიეთი

იენი შაფაკი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ თურქეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვლევის ცენტრმა მოამზადა ქარის ენერგიის პროექტი და მის ფარგლებში სტამბოლის ყველაზე ხელსაყრელ გარეუბანში პირველი სამამულე წარმოების ტურბინი დაიდგმება, რომელიც პირველ ეტაპზე 500 კვ საათ ენერგიას გამოიმუშავებს და ამ პროექტის ღირებულება 41 მილიონი ლირა დაჯდება, ხოლო მეორე ეტაპზე ქარის მიერ წარმოებული ენერგიის ოდენობა 2,5 მეგავატამდე ავა

ჰაბერთურქის მიხედვით 2012 წლის აქეთ მუშაობს ცენტრალური ანატოლიის ქალაქ ქაისერის უნივერსიტეტის გენომისა და ღეროვანი უჯრედების კვლევითი ცენტრი, რომელიც ამ სფეროში ერთ ერთ უდიდესს წარმოადგენს მთელს თურქეთში. ეს ცენტრი კვლევით სამუშაოების პარალელურად ფიჭური თერაპიის პროდუქტებსაც აწარმოებს, ადგენს გენების რუკასაც და ამ ყველაფერს წლობის განმავლობაში ინახავს. ამჟამად კი ეს ცენტრი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვაქცინაზე და კიდევ, კიბოს უჯრედებთან მებრძოლ ანტისხეულებზე მუშაობს, ვკითხულობთ ჰაბერთურქში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები