თურქული პრესა 08.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

266858
თურქული პრესა 08.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლითაც უახლოეს ხანებში პირველი სამამულე ავია გემის მშენებლობას დაიწყებენ და იგი 2021 წელს თურქეთის საზღვაო ფლოტს გადაეცემა ექსპლოატაციაში. ამ პროექტს ერთობლივად განახორციელებენ თურქული სამხედრო ფირმები, Havelsan-ი დაAselsan-ი და მასზე 1200 პერსონალთან ერთად რამდენიმე სამხედრო შვეულმფრენი, თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი და ტანკი განლაგდება. 27 ათასი წყალწყვის მოცულობის თურქული ავია გემის სიგრძე 231 მეტრი იქნება და ყველანაირი ლოჯისტიკური დახმარების გარეშე ზღვაში დარჩება 50 დღის განმავლობაში

“Havelsan-მა ამერიკული ფირმა შეისყიდა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის თავდაცვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უდიდესმა ფირმა ჰაველსანმა ცნობილი ამერიკული ფრენის სიმულაციური ფირმა “Quantum3D“, ყველა მის კუთვნილ ინტელექტუალურ საკუთრებასთან და საავტორო უფლებებთან ერთად შეისყიდა და ახლა ახალი ოფისების გახსნას აპირებს აშშ-ს ქალაქებში, სან ხოსეში და ორლანდოში. აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქტის მიხედვით ამერიკული პერსონალი გააგრძელებს ხსენებულ ფირმაში მუშაობას, წერს სტარი

მილლიეთის ეკონომიკური მიმომხილველი გასული წლის 1 დეკემბერს რუსეთ-თურქეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტის მშენებლობის მიმდინარეობას აშუქებს და წერს, რომ ეს ნაკადი ექსპლოატაციაში გადაეცემა 2016 წელს და მისი გამტარ უნარიანობა წელიწადში 63 მილიარდი კუბური მეტრი აირი იქნება. აქედან 48 მილიარდი თურქეთის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, დანარჩენი 15 მილიარდი კი ევროპაში იქნება ტრანსპორტირებული

საბაჰი იტყობინება, რომ მსოფლიოს პოპულარულმა ჟურნალმა “Forbes“-მა მსოფლიოს ყველაზე უდიდესი 2 ათასი კომპანიის სია გამოაქვეყნა და ამ სიაში 12 თურქული ფირმაც შედის. მოკლედ, ფორბსის სიაში 449-ე ადგილზეა თურქული ბანკი “Garanti Bankası“-ი, 496-ე ადგილზეა “Koç Holding“-ი, 501-ე ადგილზეა ბანკი “İş Bankası“ და ა.შ. ამ სიაში შესული თურქული ფირმების საერთო ბრუნვა 121 მილიარდ დოლარს აღემატება, აღნიშნულია ფორბსში, წერს საბაჰი

ჰაბერთურქი სპორტის განყოფილებაში წერს, რომ დღეს სტამბოლის ბოღაზიჯის უნივერსიტეტის სტადიონზე სტარტს იღებს რიგით 35-ე სპორტული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 500-მდე სტუდენტი სპორტსმენი მსოფლიოს 14 ქვეყნის უნივერსიტეტიდან და ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის 11 კატეგორიაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები