თურქული პრესა 20.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

273351
თურქული პრესა 20.03.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში გახსნილ გამოფენაზე სახელწოდებით “პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები ამ ომის მე-100 წლისთავზე“ და თქვა, რომ მართალია ასი წელი გავიდა ამ ომიდან, მაგრამ, სამაგიეროდ კვლავ გრძელდება მსოფლიოს განაწილება. “100 წლის წინ პირველი მსოფლიო ომის შედეგად მართალია ოსმანეთს წაართვეს ბალკანეთი, ჩრდილოეთ აფრიკა სუეცის არხთან ერთად და კიდევ ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ, დღეს ამავე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები კვლავ გრძელდება და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი არ დასრულებულა და ახლო აღმოსავლეთის განაწილების დასავლური პროექტი გრძელდება“, განაცხადა ერდოღანმა, წერს სტარი

საბაჰი იუწყება, რომ სირიაში და ერაყში მებრძოლი ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანების მიზნით ასობით მოხალისეს ვერ აჩერებენ დასავლეთის სახელმწიფოები და მათ საქმეს თურქეთი ასრულებს. ამის მაგალითია მარტო ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტამბოლის აეროპორტებში 32 ეჭვმიტანილის დაკავება, რომლებიც თურქეთის პოლიციამ უკან, თავიანთ სამშობლოებში გააგზავნა

იენი შაფაკი სტატიაში სახელწოდებით “დასავლეთის ორპირობა“ წერს რომ, როცა თურქეთში 2011 წელს ე.წ. გეზის მოვლენები მიმდინარეობდა და დასავლეთის მასმედია მკაცრად აკრიტიკებდა თურქი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას, თანაც პირდაპირი გადაცემები მიმდინარეობდა მოვლენების ადგილიდან, ახლა იგივე დასავლეთის მას მედია რატომღაც დუმს და არაფერს არ ამბობენ გერმანული პოლიციის მიერ ფრანკბურთში, დემონსტრანტების მიმართ არა პროპორციული ძალის გამოყენების მიმართ, პირიქით გამამართლებელ სარჩულს უძებნიან და მას უსაფრთხოების ღონისძიებად ნათლავენ

მილლიეთი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ ფერიდუნ ბილგინთან, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიოს ყველაზე უდიდესი დაკიდული ხიდი გახდება ჩანაქკალეს სრუტეში დაპროექტებული ხიდი, რომლის ტენდერი ორიოდე თვის შემდეგ გაიმართება. “გალიპოლი-ლაფსეკის მარშრუტზე ასაგები ამ ხიდის მთლიანი სიგრძე 3623 მეტრი იქნება და აქედან 2 ათასი მეტრი დაკიდული იქნება, თანაც ამ ხიდს საავტომობილოსთან ერთად სარკინიგზო ზოლიც ექნება“, განაცხადა მინისტრმა, ვკითხულობთ მილლიეთში

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე წერს, რომ ახალგაზრდა თურქმა მსახიობმა შუქრი ოზილდიზმა, რომელიც ამ ბოლო წლებში მრავალ თურქულ სერიალში ასრულებს მთავარ როლებს, არაბი სერიალების მოყვარულთა კერპად გადაიქცა და მისი ეს პოპულარობა გაითვალისწინა რა ერთმა დიდმა არაბულმა ტელეარხმა MBC4-მ, სწორედ ეს თურქი მსახიობი მიიწვია გადასაღები სერიალის მთავარ როლში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები