თურქული პრესა 01.12.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

210380
თურქული პრესა 01.12.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც რომის პაპმა ფრანცისკამ დაასრულა სამ დღიანი ვიზიტი თურქეთში და სტამბოლიდან რომში გამგზავრების წინ მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა კულტურათაშორისი დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ წასვლის წინ რომის პაპმა სტამბოლში აია სოფიის მახლობლად მდებარე სულთან აჰმედის სახელობის მეჩეთი მოინახულა და მუფტის მხრიდან წმინდა ღვთისმშობლის მარიამის შესახებ ყურანში არსებული აიათის წაკითხვის შემდეგ მანაც მოილოცა ამ მეჩეთში, რითაც კულტურათა შორისო მეგობრობის მკაფიო მაგალითი აჩვენა, წერს სტარი

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა გაერთიანების სპონსორობითა და ორგანიზაციით სამხრეთ აღმოსავლეთის ქალაქ დიარბექირში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები, ახალგაზრდა მეწარმეთა პალატა გაიხსნა, რომლითაც ამ რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს ერთის მხრივ სპეციალურ კურსებს ჩაუტარებენ, ხოლო მეორეს მხრივ ფართო შესაძლებლობას მისცემენ მათი გეგმებისა და პროექტების განხორციელებას, რასაც ადგილობრივი ფონდები დააფინანსებენ

“საწვავზე ფასების დაცემა თურქეთს გამოადგა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერთურქში, რომლის მიხედვითაც ნავთობ მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება OPEC-ის მხრიდან ნავთობის წარმოების კვოტის სტაბილურად დაცვის დადგენილების მიღების გამოცხადების კვალდაკვალ სტამბოლის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე საშუალო ინდექსი გაიზარდა და საერთო ჯამში ნოემბრის თვეში განხორციელებული ოპერაციებით სტამბოლის ბირჟამ მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. საწვავზე ფასების დაცემა ხელს შეუწყობს ასევე ინფლაციის დაცემას და საკმარისად შეამცირებს ქვეყნის ბიუჯეტში ღია დეფიციტსაც, იმედს გამოთქვამს ჰაბერთურქი

საბაჰი კულტურის გვერდზე წერს, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში თურქული ფილმების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებში წუხელ ცნობილი თურქი რეჟისორისა და მსახიობის ჯემ ილმაზის ახალი ფილმის “ამ ახლო ხანებში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც თურქი მსახიობების გარდა ფრანგმა მსახიობებმაც და კინო მოყვარულებმაც მიიღეს მონაწილეობა

იენი შაფაკის მიხედვით კი იზმირის მახლობლად მდებარე ტირეს რაიონში ივნისის თვეში არქეოლოგებმა გვიანდელი რომის სამი სარკოფაგი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ახალი აღმოჩენებით დაიმედებულმა არქეოლოგებმა გააგრძელეს გათხრები და აი ამ ახლო ხანებში დადებითი ნაყოფი გამოიღო მათმა შრომამ, რადგან იმავე ადგილებში სარკოფაგების სასაფლაო აღმოაჩინეს, რომლებიც მიეკუთვნებიან ჩ.წ. მე-4 საუკუნეს. ეს სარკოფაგები უკვე ამოღებულია და ამჟამად ისინი ტირეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია გამოფენილი, წერს იენი შაფაკი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები