თურქული პრესა 30.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

209996
თურქული პრესა 30.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეგვიპტის 30 წლის მანძილზე „რკინის მუშტით“ მმართველ ჰოსნი მუბარაქს, რომელიც 2011 წლის დასაწყისში თაჰრირის მოედანზე დაწყებული ამბოხის შედეგად ჩამოაგდეს, სისის სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. გაზეთის მიხედვით, 239 დემონსტრანტის მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მისჯილი მუბარაქი, თავიდან იქნა გასამართლებული და გამართლებული. მას ასევე მოეხსნა კორუფციის ბრალდებაც. აქვე აღნიშნულია, რომ მუბარაქთან ერთად მისი შვილები და ორი მინისტრიც გამართლდა. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ჩამოგდებული პირველი სამოქალაქო პრეზიდენტი მუჰმედ მურსი კი სიკვდილით დასჯის მოთხოვნით სამართლდება.

გაზეთი „აქშამი“-ს ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი ტელეფონით დაუკავშირდა თუღჩე ალბაირაქის ოჯახს, რომელიც მაშინ დაიღუპა, როდესაც მოძალადე სერბი ახალგაზრდებისაგან ცდილობდა სხვების დაცვას. გაზეთის თანახმად გაუკმა თუღჩეს ახლობლებს განუცხადა“: „თუღჩემ სამაგალითო მამაცობა და გამბედაობა გამოიჩინა იქ, სადაც სხვებმა პირი იბრუნეს და იგი ძალადობის მსხვერპლთა გვერდით დადგა“.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ პაპი ფრანცისკე სტამბოლში სულთან აჰმედის მეჩეთს ეწვია, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა სტამბოლის მუფთი რაჰმი იარანი და მათ ერთად ილოცეს.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, დამოუკიდებელ მრეწველთა და საქმოსანთა მე-15 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ „ალალი (helal) ტურიზმის“ პანელზე სიტყვით გამოსულმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თურქეთი თავისი რესურსებით ამ სფეროში შესაძლოა ლიდერი გახდეს. სტატიის მიხედვით, პანელში მონაწილე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის თავმჯდომარემ ეროლ იარარმა განაცხადა, რომ 1996 წელში ანტალიაში პირველად დაარსებული „ალალი ტურიზმის“ სასტუმროების ქსელი გაფართოვდა და საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად იგი მნიშვნელოვან სექტორად გადაიქცა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ სტამბოლის აეროპორტებში მიმდინარე წლის 10 თვეში ჩამომსვლელ და წამსვლელ მგზავრთა რაოდენობამ 195 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბა. გაზეთის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტებმა 67 მილიონ 790 ათასი მგზავრი მიიღო. აქვე ნათქვამია, რომ 2014 წლის 10 თვეში თურქეთის ყველა აეროპორტის მიერ მიღებულ მგზავრთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები