თურქული პრესა 21.11.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

200835
თურქული პრესა 21.11.2014

თურქული პრესის მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „იენი შაფაკი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, ISIS-ს მიერ ჩრდილოეთ ერაყის ქურთულ რეგიონში სინჯარსა და მაჰმურზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შექმნილი მოსაზრების „თურქეთის მხრიდან ქურთების მარტო მიტოვების“ საპირისპიროდ, თურქეთიდან ჩრდილოეთ ერაყის რეგიონს ძალიან სწრაფად მიეწოდა დახმარება. გაზეთის ცნობით, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის პრესსპიკერმა სეფინ დიზაიმ განაცხადა, რომ „თავდასხმების დაწყებისთანავე თურქეთიდან 72 საათში მიიღეს იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა და ჰუმანიტარული დახმარება“.

გაზეთ „აქშამ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა მიზეზი იმისა თუ რატომ არ იწყება თურქეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სირიის არმიის წევრების გაწვრთნა-აღჭურვის თაობაზე მიღწეული შეთანხმების პროცესი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნის მოთხოვნას აყენებს. დიპლომატიური წყაროების ცნობით, თავისუფალი სირიის არმიის გაწვრთნისა და აღჭურვის შემდეგ თუ ასადის რეჟიმი საჰაერო ოპერაციას განახორციელებს, ეს სამუშაოები უშედეგო აღმოჩნდება“.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „აფრიკას 5 მილიონი დოლარის დახმარება“, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ თურქეთ-აფრიკის პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საკითხი გაძლიერებული სფეროა. მისივე თქმით, კონტინენტზე წარმოქმნილი პრობლემების კამპანიების, მაშტაბების გაფართოების პროგრამების და სამუშაო შეხვედრების გზით გადაჭრას ცდილობენ. ჩავუშოღლუმ ასევე დასძინა, რომ თურქეთმა ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ფინანსური რესურსების გამოყენება დაიწყო და ისინი 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტზე მუშაობენ.

გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში მოყვანილია ანკარაში ირანის ელჩის ალირეზა ბიქდელის სიტყვები, რომელშიც აღნიშნულია: „უნდა გჯეროდეთ, რომ მსოფლიოში თურქეთი ირანზე მეტად არავის უყვარს.... ბოლო წლებში დაწესებული ემბარგოს გამო იძულებული გავხდით თურქეთი უფრო ახლოდან გაგვეცნო. ეს კი ირანის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს მონაპოვარია“.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის თამბაქოსთან ბრძოლის ასოციაციის თავმჯდომარემ მუსტაფა აიდინმა განაცხადა, რომ თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მოხდა და თუ თურქეთში 15 წლის წინ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 30 მილიონი იყო, დღეს ეს ციფრი 20 მილიონამდე შემცირდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები