თურქული პრესა 11.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

152764
თურქული პრესა 11.10.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა განაცხადა, რომ ამჟამად ამერიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გეგმებზე და თურქეთს სამი პირობა აქვს წაყენებული. ამათგან პირველია სირიის ჩრდილოეთში ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნა, მეორე პირობაა იმავე რეგიონში ბუფერული ზონის შექმნა, რათა სირიელი ლტოლვილები აღარ შემოვიდნენ თურქეთში და მესამეა, თურქეთის ტერიტორიაზე ისეთი საწვრთნელი ბანაკების შექმნა, რომლებშიც ისლამური სახელმწიფოს და ესადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს გამოწვრთნიან. “თუ ამერიკა ამ სამივე პირობას მიიღებს, მაშინ, ანკარაც შეუერთდება კოალიციას“, განაცხადა ერდოღანმა, წერს ვათანი

აქშამი თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰატ ზეიბექჩის იაპონიაში ვიზიტს აშუქებს და წერს, რომ იაპონურ ფირმებთან მიღწეული შეთანხმებით დარდანელის სრუტეზე მსოფლიოს ყველაზე უდიდეს და გრძელ ჩამოკიდებულ ხიდს გააშენებენ, რომელიც აზიის და ევროპის კონტინენტებს დააკავშირებს და მალე დაიწყებენ ამ მიზნით ერთობლივი პროექტის მომზადებას

მილლიეთი ეკონომიკურ გვერდზე კანადური ფირმის “Valeura“-ს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უთმობს ადგილს. მისი მიხედვით ეს ფირმა ბუნებრივი გაზის საძიებო სამუშაოებს ატარებს თურქეთის ევროპულ ნაწილში და სამ ჭაბურღილში უკვე აღმოაჩინეს ბუნებრივი აირი, რომელთა ყოველდღიური წარმადობა 200 ათასი კუბური მეტრი იქნება

სასიხარულო ინფორმაციებს აქვეყნებს აბიტურიენტებისათვის და მათი მშობლებისათვის საბაჰი, რომლის მიხედვითაც თურქეთის მთავრობამ აკრძალა რა ფასიანი მოსამზადებელი კურსები, ახლა მათ მაგივრად უფასო მოსამზადებელი კურსების გახსნას აპირებს და ამისათვის სპეციალურად არჩეული სკოლებში სპეციალისტი პედაგოგები უფასო გაკვეთილებს მისცემენ აბიტურიენტებს და მაღალი კლასის მოსწავლეებს რა, ეს პროექტი მუშაობას დაიწყებს 20 ოქტომბრიდან

რადიკალი კი იტყობინება რომ დღეს მსოფლიოში კვერცხის დღე აღინიშნება და ულოცავს რა კვერცხის მწარმოებლებს ამ პროფესიულ დღეს, ამატებს რომ თურქეთი წელიწადში 17 მილიარდ კვერცხს აწარმოებს, რითაც იგი მთელს მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. ამჟამად თურქეთი წელიწადში ერთ კაცზე 190 ცალ კვერცხს აწარმოებს და კვერცხის მწარმოებლებს მიზნად აქვთ დასახული ამ ციფრის გაზრდა 250 კვერცხამდე, წერს რადიკალი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები