თურქული პრესა 03.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

148470
თურქული პრესა 03.10.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ერაყიდან და სირიიდან ტერორისტული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად თურქეთის შეიარაღებული ძალებისათვის უცხო ქვეყნებში გაგზავნისა და უცხოური შეიარაღებული ძალების თურქეთში ყოფნისა და გავლის ერთ წლიანი მანდატი თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა მიიღო. მანდატს ასმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

გაზეთი „აქშამი“-ს ცნობით, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაქვემდებარებაში მყოფი, პრეზიდენტის საექსპორტო საბჭო, თურქეთში ვიზიტით იმყოფება. თურქეთის მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის დირექტორთა საბჭომ, აშშ-ს ვაჭრობის მინისტრ პენი პრიცკერთან და მასთან ერთად მყოფ ამერიკული ფირმების აღმასრულებელი დირექტორებისაგან შემდგარ დელეგაციასთან, პრეზიდენტის საექსპორტო საბჭოს მონაწილეობით, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა თურქეთში ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები, საქმიანი და საინვესტიციო გარემო, თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და თანამშრომლობის საკითხები.

გაზეთი „სტარი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ყურბან ბაირამის დასვენებაზე მოქალაქეებმა ქვეყნის შიდა ტურები აირჩიეს“, რომლის თანახმადაც, თურქეთის ტურისტული სააგენტოების გაერთიანების თავმჯდომარემ ბაშარან ულუსოიმ განაცხადა, რომ ყურბან ბაირამის დასვენების მოკლე ვადისა და შუა კვირიაში დამთხვევის გამო მოქალაქეებმა უპირატესობა ქვეყნის შიდა ტურებს მიანიჭეს. ანტალიის რეგიონის თაოსნობით მოთხოვნაა ბოდრუმზე, მარმარისზე და ქუშადასზე. კულტურული ტურების ფარგლებში კი განსაკუთრებული მოთხოვნებია კაპადოკიის, ფამუქქალესა და შავი ზღვის ტურებზე.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს კულტურის განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რიგით 51-ე კინოფესტივალ „ოქროს ფორთოხლის“ დირექტორმა ელიფ დაღდევირენმა განაცხადა, რომ ამავე პერიოდში გასამართი ლონდონის კინოფესტივალში მონაწილე ცნობილი ვარსკვლავების „ოქროს ფორთოხალზე“ გადმოყვანა სურს. 51-ე საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“ 10-დან 18 ოქტომბრამდე ჩატარდება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები