თურქული პრესა 30.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

108164
თურქული პრესა 30.08.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც დღეს თურქეთის ოთხივ კუთხეში დიდი ზეიმებით აღინიშნება უცხოელ ინტერვენტებზე გამარჯვების დღე, რომელიც თურქებმა დიდი ბელადის, ათათურქის ხელმძღვანელობით მოიპოვეს 92 წლის წინ და ანატოლიიდან გარეკეს რა ანტანტის ძალები, ოსმანეთის საიმპერატოროს ადგილზე შექმნეს თურქეთის რესპუბლიკა

იგივე ჰურრიეთი ამ დღესთან დაკავშირებით თურქეთის ახალი პრეზიდენტის ერდოღანის მიერ გავრცელებულ მისალოც მესიჯს აქვეყნებს, რომელშიც იგი ხაზს უსვამს, რომ 30 აგვისტო ოქროს ასოებით შევიდა თურქი ხალხის ისტორიაში და ეს გამარჯვება არასოდეს არ იქნება მივიწყებული, რადგან, ამით თურქი ხალხი დემოკრატიის, სამართლის და განვითარების გზას დაადგა

“ახალი კაბინეტი ერთ დღეში შეიქმნა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრ ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებელმა აჰმეტ დავუთოღლუმ ახალი კაბინეტი შექმნა და იგი დასამტკიცებლად წარუდგინა ჯერ პრეზიდენტს და შემდეგ პარლამენტს, სადაც ახალი მთავრობის პროგრამას ორშაბათიდან გაეცნობიან, ხოლო ნდობის ვოტუმის კენჭისყრა კი 6 სექტემბერს გაიმართება. ამ ახალ მთავრობაში პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს ადგილზე დაინიშნა მევლუტ ჩავუშოღლუ, რომელიც აქამდე ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრს წარმოადგენდა, წერს სტარი

მილლიეთი ინტერვიუს აქვეყნებს სოფლის მეურნეობის პალატის თავჯდომარე უღურ ჯორუტთან, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წლევანდელი თხილის მოსავლის მცირე მოსავლიანობაზე, რის გამოც ნედლი თხილის ფასმა აიწია და 11 ლირას მიაღწია, რაც რეკორდულ ფასს წარმოადგენს. ჯორუტის აზრით წლევანდელი მოსავალი 370 ათასი ტონის ფარგლებში დარჩება და ასეთი მცირე მოსავლიანობა გამოიწვია ყინვიანმა ზამთარმა და გვალვიანმა ზაფხულმა

რადიკალი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე ჩორუმის ოლქის სუნგურლუს რაიონში თურქმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მსოფლიოს ყველაზე უდიდესი გაქვავებული ძუძუმწოვრის, გიგანტური მარტორქის ნამარხი და ახლა მას გამოფენენ ანკარის ბუნების ისტორიის მუზეუმში. ეს არის აქამდე აღმოჩენილი ყველაზე უდიდესი მარტორქა, რომლის სიმაღლე 5 მ, სიგრძე კუდიანად 10 მ, ხოლო წონა კი დაახლოებით 15 ტონა იქნებოდა, ვკითხულობთ რადიკალში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები