თურქული პრესა 22.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

67448
თურქული პრესა 22.07.2014

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბულენთ არინჩმა განაცხადა, რომ პალესტინისათვის თანადგომის გამოსაცხადებლად თურქეთმა სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა. გაზეთის ცნობით, მინისტრთა საბჭოს შეკრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე არინჩმა აღნიშნა: „ღაზაში დიდი ტრაგედია ხდება. ამასთან დაკავშირებით მინისტრთა საბჭომ სამ დღიანი გლოვის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო“.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „მკვლელობები ლურსმნებით“, რომლის თანახმადაც, ღაზაში ისრაელის არმია, რომელმაც უკვე ასობით პალესტინელი მოკლა, ახალი ხოცვა-ჟლეტისათვის ისრის ფორმის ჭურვებს იყენებს, რომლებშიც 5-8 ათასი ცალი ლურსმანია მოთავსებული. სტატიის თანახმად, ისრაელის ტანკებმა ღაზაში მდებარე ვეფას საავადმყოფო შემდეგ გუშინ ასევე დაბომბეს ელ აკსას შეჰიდების საავადმყოფოც.

„ჰაბერთურქი“-ს ინფორმაციით, 7 ივლისს დაწყებული სახმელეთო ოპერაციის შედეგად ასობით პალესტინელი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა. გაზეთის ცნობით ზოგიერთმა ებრაელმა ჯარისკაცმა და ულტრა მემარჯვენემ საზღვარზე ტანკების წინ ცეკვით აღნიშნა მომხდარი მკვლელობები. აქვე ნათქვამია, რომ ისრაელის არმიამ საერთაშორისო შეთანხმებების საწინააღმდეგოდ ფოსფორისა და ლურსმნების ბომბები გამოიყენა.

Petkim-მა (ს.სPetrokimya Holding) იზმირში მდებარე პლასტმასის ფაბრიკა 5 თვეში ააგო და გახსნა - წერს გაზეთი „სტარი“ და ამატებს, რომ ფაბრიკის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის სოკარის თავმჯდომარე როვანგ აბდულაევი და კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. სტატიის მიხედვით, ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ფაბრიკაზე აღმართული თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშების გამო და დაამატა, რომ სოკარის მიერ აზერბაიჯანის გარეთ ყველაზე დიდი ინვესტიციის თურქეთში დაბანდება ორ ქვეყანას შორის ძმური კავშირების უმაღლეს დონეზე ასვლის მანიშნებელია.

გაზეთი „მილიეთი“-ს ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილების გაქირავების კომპანია Enterprise რომელმაც თურქეთში ფუნქციონირება ივნისში დაიწყო, 3 წელიწადში 150 მილიონი თურქული ლირის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გაზეთის თანახმად, Enterprise თურქეთის 46 წერტილში მომხმარებელს 2500 ავტომანქანით ემსახურება და 2015 წლის ბოლოს ოფისების რაოდენობის 60-მდე გაზრდას გეგმავს. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს ავტომობილების რაოდენობის 3 წელიწადში 5 ათასამდე გაზრდას.

და ბოლოს, გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, მუსიკოსი სეზენ აქსუ, რომლის შესახებაც მარმარას უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა სადისერტაციო ნაშრომი მოამზადეს, ამჯერად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სკოლის ბერკლის კოლეჯის საკომპოზიტორო განყოფილების სტუდენტების კვლევის თემა გახდა. სტატიის მიხედვით, სტუდენტები სეზენ აქსუს მიერ საზოგადოების გაშიფვრისა და ყველა დროში აქტუალური სიმღერების შექმნის უნარს შეისწავლიან. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები