თურქული პრესა 14.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

128658
თურქული პრესა 14.07.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „მილიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „ყველაზე სისხლიან ღამეს 50-ზე მეტი დაღუპული“. გაზეთის ცნობით, ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის მეექვსე დღეს ასობით ადამიანი დაიღუპა. გაზეთის მიხედვით, შაბათს, შუა ღამის შემდეგ, ღაზაში ჩამოგდებულმა ბომბებმა მინიმუმ 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ამგვარად, საჰაერო და საზღვაო ოპერაციების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი შაბათ ღამეს დაიღუპა. აქვე ნათქვამია, რომ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე სახლებში სატელეფონო ზარები განხორციელდა, მოსახლეობას შეატყობინეს, რომ რეგიონი დაიბომბებოდა და მათ სახლების დატოვება სთხოვეს. სტატიის ცნობით, პალესტინელებმა სასწრაფოდ დატოვეს სახლები და ზოგიერთმა მათგანმა თავი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სკოლებს შეაფარა.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „მსოფლიო ფეხზეა“, რომლის თანახმადაც, ჩილედან სამხრეთ კორეამდე და ესპანეთიდან ავღანეთამდე ათასობით ადამიანი ისრაელს გმობს. გაზეთის ცნობით, აშშ-ში აქცია თეთრი სახლის წინ და სან ფრანცისკოში გაიმართა. სტატიის მიხედვით, დემონსტრაცია გაიმართა ასევე ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, საფრანგეთმა კი ისრაელი არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა. აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული ოპერაციების გამო შექმნილი მძიმე და შემაშფოთებელი ვითარების ფარგლებში რეგიონს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. გაზეთის მიხედვით, გრძელდება მზადება 5 ათასი პალესტინური ოჯახისათვის საკვების გასაგზავნად და მას შემდეგ, რაც დაზუსტდება ტრანსპორტირების ფორმა, დახმარება რეგიონს გაეგზავნება. სტატიის მიხედვით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი რეგიონის მედიკამენტებით დახმარების მოვალეობასაც იკისრებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ბოსნიის ომში დაღუპული მებრძოლების ახლობლებმა კრავიცაში მდებარე გენოციდის ბანაკი მოინახულეს, სადაც ათასზე მეტი ბოსნიელი იქნა მოკლული. გაზეთის ცნობით, ბანაკში ვიზიტის დროს სევდიან და ამაღელვებელ მომენტებს ჰქონდა ადგილი.

გაზეთ „სტარ“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია „შევარდნაძის ბოლო გაცილება“, რომლის თანახმადაც, გასულ კვირაში გარდაცვლილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, კვირას გამართული ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაკრძალეს.

თურქეთის საავტომობილო წარმოებამ ამ წლის პირველ ექვს თვეში წარმოების სიმძლავრეს ექსპორტით გაუწია დახმარება - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“ და ამატებს, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 10%-მდე სიმძლავრის გაზრდას მიაღწია. აქვე აღნიშნულია, რომ სექტორი ემზადება წლის ბოლოს რეკორდი დაამყაროს და ამ დროისათვის 1 მილიონ 190 ათას ცალზე მეტი მანქანა გაიტანოს ექსპორტზე.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, თურქეთის საავიაციო სექტორი თავის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებლით გაიზარდა. გაზეთის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში კომერციული ფრენების რაოდენობა 168%-ით, ხოლო მგზავრთა მთლიანი რაოდენობა კი 233%-ით გაიზარდა და 150 მილიონს მიაღწია.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში გატანილი გოლით გერმანიამ არგენტინა დაამარცხა და მეოთხედ დაეუფლა მსოფლიო თასს. გაზეთის თანახმად, ამ შედეგით ევროპულმა ნაკრებმა ამერიკის კონტინენტზე გამართული თასის ფინალი პირველად მოიგო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები