თურქული პრესა 06.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

119071
თურქული პრესა 06.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰურრიეთში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პარიზში გაიხსნა მზა ტანსაცმლის გამოფენა სახელწოდებით "Who's Next", რომლის წლევანდელ საპატიო სტუმარ ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს და ამიტომ თურქეთიდან 50-მდე ფირმასაც აქვს გამოფენილი თავისი ნაწარმი. ისე კი პარიზის გამოფენაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 2 ათასამდე ფირმა მონაწილეობს, წერს ჰურრიეთი


მილლიეთის ეკონომიკურ გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით “ჩინეთი თურქეთს სწრაფმავალი მატარებლის ხაზით დაუკავშირდება“ და მასში ვკითხულობთ: ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი უდიდესი ტრანს აზიური პროექტი მოამზადა, რომლითაც ამ ქვეყანაში შემავალი სინცზიანის უიღურ-თურქთა ავტონომიური რესპუბლიკიდან თურქეთში მაღალსიჩქარიანი მატარებელი იმოძრავებს და ამ პროექტის განხორციელებისათვის პეკინი 150 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გამოყოფს. აქვე განთავსებულია ჩინეთის უმსხვილესი ლოკომოტივების და ვაგონების მწარმოებელი ფირმა “CSR“-ის გენერალური დირექტორის ზჰაო ხიაოანგის განცხადება, რომელშიც იგი ამბობს, რომ 6 ათასი კმ-ის სიგრძის ეს მარშრუტი ჩინეთიდან თურქეთამდე გაივლის ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის და ირანის ტერიტორიებს


აქშამის წერს, რომ დღემდე თურქეთ-ევროკავშირს შორის შუამავლის როლს ასრულებდა საერთაშორისო დიპლომატიური გაერთიანება “DMW“ და როგორც იქნა მისმა მრავალწლიანმა მცდელობებმა დადებითი ნაყოფი გამოიღო. მან 3 წლის წინ განცხადება შეიტანა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭო “ECOSOC“-ში გასაწევრიანებლად და აი გუშინ მიღებული ინფორმაციით, მისი ეს თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და “DMW“ ხსენებული საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. საერთაშორისო დიპლომატიური გაერთიანება ყველანაირ მცდელობას იჩენს, რათა თურქეთი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ხოლო ამის პარალელურად ეს ორგანიზაცია მუშაობს ისეთი პრობლემების მოგვარებაზე, როგორიცაა კვიპროსის, ე.წ. სომხური გენოციდის, ევროპაში ისლამოფობიის, გერმანული ნაციზმის და ა.შ.


სტარში გამოქვეყნებულია თურქეთის სამოგზაურო სააგენტოების კავშირის “TÜRSAB“-ის 2014 წლის ტურისტული სეზონის პირველი ანგარიში და მისი მიხედვით მიმდინარე თვეში რამაზანობის მიუხედავად გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 28% მოიმატებს ადგილობრივ ტურისტთა რაოდენობა და 15 ივლისიდან 30 ივლისამდის 1 მილიონზე მეტი ადგილობრივი ტურისტი დაისვენებს თურქეთის კურორტებზე. ამავე ანგარიშით ყველაზე მეტ ადილობრივ და უცხოელ ტურისტს ელიან პირველი აგვისტოდან დაწყებული 15 სექტემბრამდე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები