თურქული პრესა 24.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

105504
თურქული პრესა 24.06.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც მოყვანილია გაეროს მიერ მსოფლიოს ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიში. გაზეთის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთში, იორდანიაში, ერაყსა და ეგვიპტეში 4 მილიონი სირიელი ლტოლვილია გადასული. აქვე ნათქვამია, რომ თურქეთში 945 ათასზე მეტი სირიელი იძულებით გადაადგილებულია თავშეფარებული და მათ 27%-ს პასპორტი და პირადობის დამდასტურებელი მოწმობა არ გააჩნია.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ 5 დღეა ჩინეთში ძლიერი წვიმა და ქარიშხალი მძვინვარებს, რის შედეგადაც ქვეყანას დიდი ზარალი მიადგა. გაზეთის ცნობით, წყალდიდობების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით კი ევაკუირებული იქნა.

ასევე გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქული საზღვაო ჯგუფი „ბარბაროსი“ აფრიკაში 102 დღიანი მოგზაურების შემდეგ თურქეთში ბრუნდება და მან სუეცის არხში გაიარა. გაზეთის მიხედვით, საზღვაო ჯგუფი აფრიკის კონტინენტის 24 ქვეყანასა და 25 პორტში შევიდა. აქვე აღნიშნულია, რომ თურქულმა საზღვაო ჯგუფმა 148 წლის შემდეგ პირველად გაიარა კეთილი იმედის კონცხი და იგი გოლჯუქის საზღვაო ბაზის სარდლობაზე 27 ივნისს დაბრუნდება.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში 2014 წლის 22 ივნისს რეკორდი დამყარდა და ამ დღეს აეროპორტი მთლიანობაში 80 ათას 817 მგზავრს მოემსახურა. აქვე ნათქვამია, რომ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტის წინა რეკორდი 2013 წლის 20 ოქტომბერს დამყარდა, როდესაც აეროპორტმა 78 ათას 618 მგზავრი მიიღო.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „Exxon-ი ფიქალური გაზისათვის ჩამოდის“, რომლის თანახმადაც, ნავთობის საქმეთა გენერალურმა დირექტორმა სელამი ინჯედალჯიმ განაცხადა, რომ ფიქალური გაზებისა და ნავთობის სამძებრო სამუშაოებით ევროპელი და კანადელი ინვესტორები დაინტერესდნენ. მისივე თქმით, ამერიკული ენერგო კომპანია ExxonMobil-ის წარმომადგენლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიისა და თრაკიის რეგიონში სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად სააქციო საზოგადოება „თურქულ ნავთობთან“ შეხვედრა ჩაატარეს. გაზეთის ცნობით, SHELL-ი დიარბაქირში ფიქალური გაზისათვის ამჟამადაც ატარებს სამუშაოებს.

და ბოლოს, გაზეთ „ვათან“-ში საუბარია 12 ქვეყანაში 6 ათასს ადამიანს შორის ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს ყველაზე მეტად სიმსივნის ეშინიათ, მეორე ადგილზე ალცჰაიმერია, ხოლო მესამეზე კი გულის დაავადებები. გაზეთის თანახმად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, წელს პირველად გადაასწრო ალცჰაიმერმა გულის დაავადებებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები