თურქული პრესა 23.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

103995
თურქული პრესა 23.06.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „საბაჰი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში გუშინ ეგვიპტეში ჩავიდა. გაზეთის ცნობით, კერი დედაქალაქ ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულფეთაჰ სისის შეხვდა. სტატიის თანახმად, კერიმ ვიზიტამდე განაცხადა, რომ ეგვიპტეს 572 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიეს.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სტამბოლის ბაირამფაშას მერია, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რამაზანის თვის განმავლობაში ბალკანეთის ქვეყენებში ხორვატიაში, სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, კოსოვოში, ალბანეთში, მაკედონიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში სპეციალურ კონვოის გააგზავნის, რომლის წევრებიც აღნიშნულ ქვეყნებში მარხვის გახსნის სუფრებს გაშლიან და მოსახლეობას გაუმასპინძლდებიან.

გაზეთი „აქშამი“ იუწყება, რომ დოჰაში წელს 38-ედ გაიმართა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის შეკრება, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი თურქეთში მდებარე ჯუმალიქქიზი და ბერგამა, რითაც ამ სიაში თურქული ძეგლების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

„BOSCH ბურსაში 850 მილიონი თურქული ლირის ინვესტიციას განახორციელებს“ - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ჰაბერ თურქი“, რომლის თანახმადაც, ბურსაში მდებარე BOSCH-ის საწარმოში დიზელის ტექნოლოგიის მქონე ენჟექტორების საწარმოებლად ახალი განყოფილება გაიხსება, რომლისთვისაც 300 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, Volkswagen-ის ჯგუფის მარკებიდან კომპანია Seat-მა თურქეთში, მექსიკასა და ალჟირის მსგავს ქვეყნებში აქტივების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გაზეთი „მილლიეთი“-ს ცნობით, თურქეთი 2014 წლისათვის 397 ცალი „ცისფერი დროშის“ მქონე პლაჟით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გაზეთის თანახმად, მარმარისის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მოხალისეთა ჯგუფის თავმჯდომარემ ფილიზ ერსანმა განაცხადა, რომ ცისფერი დროშების ქონა პლაჟების სისუფთავისა და მათზე ყველა სახის უსაფრთხოების ზომების გატარების მანიშნებელია.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ანტალიიდან ერთ დღეში 169 ათასი მგზავრი გაემგზავრა“. გაზეთის ცნობით, სახელმწიფო აეროპორტების ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ანტალიის აეროპორტში ერთ დღეში 971-მა თვითმფრინავმა განახორციელა აფრენა-დაფრენა და მგზავრთა რაოდენობამ კი 169 ათას 122-ს მიაღწია.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს ინფორმაციით, ამერიკაში მცხოვრებმა თურქმა მეცნიერმა შეჰმუს ოზდენმა და მისმა ჯგუფმა წყლის პრობლემის გადასაჭრელად ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. გაზეთის ცნობით, ოზდენმა განაცხადა: „ბუნების გამოკვლევისას ვხვდებით ისეთ არსებებს, რომლებიც სასმელი წყლის პრობლემას ენერგიის გარეშე ჭრიან. მაგალითად, აფრიკაში ნამიბის უდაბნოში სტენოკარას სახელწოდების მწერი ჰაერში არსებულ წყლის წვეთებს ზურგზე და ფრთებზე განთავსებული შესანიშნავი დიზაინით აგროვებს და წყალზე მოთხოვნილებას ასე იკმაყოფილებს“.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები