თურქული პრესა 04.06.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

82546
თურქული პრესა 04.06.2014


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „ჰურიეთი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, პრეზიდენტმა აბდულლა გიულმა ჩანკაიას რეზიდენციაში უმასპინძლა თურქმენეთის და ყირგიზეთის სახელმწიფოების მეთაურებს გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და ალმაზბეკ ატამბაევს. სტატიის მიხედვით, გიულისა და ატამბაევის პირისპირი შეხვედრის შემდეგ რეზიდენციაში ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ვიცეპრემიერი ალი ბაბაჯანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ. გაზეთი იტყობინება, რომ გიულმა მოგვიანებით შეხვედრა გამართა ასევე თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურ ბერდიმუჰამედოვთან, რის შემდეგაც რეზიდენციაში სტუმარი პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა. აქვე აღნიშნულია, რომ ბერდიმუჰამედოვმა გიულს მაჰთუმქულუს სახელობის ორდენი გადასცა.

გაზეთი „აქშამი“-ს ინფორმაციით, თურქეთი თითქმის ყოველდღე მასპინძლობს უცხოელ სტუმრებს და ამ კუთხით ანკარამ გუშინ რეკორდი დაამყარა, რადგანაც 7 სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა თურქეთში შეხვედრა გამართა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, გაერომ და დასავლურმა ქვეყნებმა სირიის რეჟიმის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს „მასხრობა“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს სამწლიანი კრიზისიდან გამოსავალი არ იქნება. სტატიის მიხედვით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება და დაამატა: „არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მოკავშირე ამ ე. წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „102 ქვეყნიდან 7 ათასი საქმოსანი ჩამოდის“, რომლის თანახმადაც, დამოუკიდებელ მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის მიერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ორგანიზებულ საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნეს ფორუმს წელს 102 ქვეყნიდან 7 ათასი საქმოსანი დაესწრება. გაზეთი იუწყება, რომ დამოუკიდებელ მრეწველთა და საქმოსანთა ასოციაციის თავმჯდომარის ნაილ ოლპაკის განცხადებით, 2014 წლის 26-30 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ CNR-ში გასამართ მეთხუთმეტე გამოფენასთან ერთად რიგით მეთვრამეტე საერთაშორისო საქმიან ფორუმსაც უმასპინძლებენ, რომლის თემაც იქნება „გლობალური ფინანსური სისტემის გადახედვა და ახალი მიმართულებები“.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზების მეათე საფრენი წერტილი ჩრდილოეთ ამერიკაში მონრეალი გახდა. სტატიის მიხედვით, თურქეთის ავიახაზები მონრეალში კვირაში სამ რეისს სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები