თურქული პრესა 29.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

76499
თურქული პრესა 29.05.2014



მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „სტარი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. გაზეთის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე მდებარე ფუზულის რეგიონში სომხური სადაზვერვო შენაერთის სამხედროებმა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

გაზეთი „აქშამი“ იუწყება, რომ სტამბოლის მერი ქადირ თოპბაში ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს შეხვდა და ამ შეხვედრაზე 2016 წლის მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის სტამბოლში ჩატარების თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

გაზეთ „სტარშ“-ი ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „ქუვეითთან ვიზები გაუქმდა“, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ქუვეითში შესვლა უვიზოდ მოხდება. გაზეთის ცნობით, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში დიპლომატიური, პირადი და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებს უვიზოდ და ხარჯის გადახდის გარეშე პირველი შესვლის თარიღიდან 6 თვის მანძილზე, არა უმეტეს 90 დღისა, მუდმივად და სხვადასხვა პერიოდებში ქუვეითში დარჩენა შეეძლებათ.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზებმა თურქეთის გარეთ პირველი CIP დარბაზი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში გახსნა და გახსნის ცერემონიას თურქეთის ავიახაზების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰამდი თოფჩუ, აეროპორტის ხელმძღვანელობა და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით ProBase World Cup 2014-ის პირველი ეტაპი სტამბოლში გუშინ დაიწყო. სტატიის მიხედვით 18 ქვეყნის 65 პარაშუტისტი, რომელთაგანაც 8 ქალია, ევროპის ყველაზე მაღალი შენობა İstanbul Sapphire-დან 236 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. აქვე ნათქვამია, რომ შეჯიბრის მომდევნო ეტაპები ნორვეგიაში, შვეიცარიასა და თურქეთში კერძოდ ერზინჯანში ჩატარდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, თურქული ჰოლდინგის „საბანჯი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გულერ საბანჯი, ჟურნალ Forbes-ის 2014 წლის მსოფლიოს უძლიერეს ქალთა სიაში მე-60-ე ადგილზე მოხვდა. გაზეთის ცნობით, წელსაც, ისევე როგორც გასულ წელში, სიის პირველი ადგილი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დაიკავა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები