თურქული პრესა 22.05.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

70809
თურქული პრესა 22.05.2014



მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „მილიეთი“-თ, რომლის ინფორმაციითაც, ღაზის ბლოკადის გასარღვევად გამგზავრებულ გემ „მავი მარმარაზე“ 2010 წლის 31 მაისს ისრაელის არმიის თავდასხმის დროს დაღუპული თურქეთის 9 მოქალაქის ახლობლების წარმომადგენელი ცნობილი ადვოკატი იქნება. გაზეთის მიხედვით, ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოს მეთაურის სლობოდან მილოშევიჩის ჰააგის ტრიბუნალზე წარმდგენი პროკურორებიდან და სირიის რეჟიმის მიერ სისტემატური წამების ფაქტების თაობაზე მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი მკვლევარი, სერ ჯეფრი ნაისი, „მავი მარმარას“ დაზარალებულების ადვოკატი იქნება ჰააგის ტრიბუნალზე.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ASELSAN-მა Rolls-Royce-თან ძრავის, Airbus-თან თანამგზავრის, ლაზერისა და უკაბელო კომუნიკაციების სფეროებში შეთანხმებას მიაღწია. სტატიის მიხედვით, ამ გიგანტური შეთანხმებით თურქეთი გლობალურ ბაზარზე უფრო ადვილად შესძლებს გასვლას. აქვე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი რაკეტის მწარმოებელმა ROKETSAN-მა კი Airbus Defence and Space-თან სამხედრო ავიაციის სფეროში სამომავალო თანამშრომლობისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ინგლისში აბიტურიენტების „ა დონის“ მოსამზადებელ პროგრამაში მომდევნო წლიდან გათვალისწინებულია ოსმალეთის იმპერიისა და ისლამის გავრცელების მსგავსი თემების შეტანა. სტატიის მიხედვით, საგამოცდო საბჭოს ისტორიულ თემებზე პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა, რომ მუდმივად ერთნაირი თემების შერჩევისა და მეოცე საუკუნეზე კონცენტრირების გამო კრიტიკას იღებენ და მათი მიზანია აბიტურიენტებისათვის მეტი მრავალფეროვნების შეთავაზება.

გაზეთი „ვათანი“-ს კულტურის განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარულმა პოპ მუსიკოსმა მორისმა ახალ ალბომში შეიტანა სიმღერა სახელწოდებით „სტამბოლი“, რომლის შესავალიც ეზანის ხმით იწყება.
და ბოლოს, გაზეთი „აქშამი“-ს სპორტულ განყოფილებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები კოსოვოს ნაკრებთან გამართულ მოსამზადებელ შეხვედრაში სტადიონზე შავი მაისურებით გავიდნენ. სტატის მიხედვით, თურქეთის ნაკრებმა მეტოქეს 6-1 სძლია, თუმცა თურქ ფეხბურთელებს გატანილი გოლების შემდეგ სიხარული არ გამოუხატავთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები