„კუთხე-კუნჭული“ 17-2022

საახალწლო სუფრა

1924291
„კუთხე-კუნჭული“ 17-2022

„კუთხე-კუნჭული“ 17-2022

„კუთხე-კუნჭული“ 17-2022-2023

საახალწლო სუფრა

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

აი დადგა საახალწლო დღეები და ერთ-ერთი ძირითადი საფიქრალი საახალწლო სუფრაა. ამ მხრივ საქართველოში ჯერ კიდევ ძველ ტრადიციებს არ ღალატობენ და ეს სუფრასაც ეტყობა ხოლმე. ყველა ქართველი, იქნება ის თავის სამშობლოში თუ საზღვრებს გარეთ, ცდილობს საახალწლო სუფრას არ დააკლოს ის მთავარი ტრადიციული კერძები, რაც მხოლოდ ახალ წელს უკავშირდება და რასაც ხშირად წელიწადის სხვა დროს გაკეთებას ერიდებიან, რომ ახალი წლის მომაჯადოვებელი გემო და შეგრძნება არ დაკარგოს. ასეთ ტრადიციული გემოს მქონე, დროის გამოცდილ კერძებს შორისაა საცივი, რომელიც აუცილებლად მთელი წლის ნაზარდი ინდაურის ხორცით კეთდება, თუმცა ამ ბოლო დროს ვეგეტარიანული და ვეგანური სამზარეულოს განვითარებასთან ერთად სოკოს საცივსაც წუნს არ უდებენ. ნუგბარებიდან კი გოზინაყი საახალწლო სუფრის მთავარი მშვენებაა. მისი მომზადება არც თუ ისე ადვილია, მისი ქარვისფერი ფერის, გადაუჭარბებელი ტკბილი გემოს მიღება მხოლოდ ნაცად ხელს შეუძლია.

 

თურქეთში, ისევე როგორც სხვა მუსლიმურ ქვეყნებში ახალი წელი ისეთივე აღტაცებით არ აღინიშნება როგორც ეს ქრისტიანულ ქვეყნებში ხდება ხოლმე.  ახალი წელი მხოლოდ ერთდღიანი ემოციების და ახალ წელში ფეხის გადაბიჯების რიტუალია. თუმცა იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი დღე-ღამე აღინიშნება, მაინც საახალწლო სუფრას მნიშვნელობა ენიჭება. მართალია ამ დღისთვის მომზადებული კერძები ტრადიცულობასთან კავშირში არაა, თუმცა ახალი წელი ბარაქის მოტანასთან, სიახლესთან ასოცირდება, ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ სუფრაზე ისეთ პროდუქტს ალაგებენ, რომელიც სიმრავლესთან, ბარაქასთანაა კავშირში. მაგალითად, საახალწლოს სუფრაზე ნახავთ ბროწეულს, ხორბალს, ბრინჯს.

 

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურქეთში უკვე დიდი ხანია ფრანგული საახალწლო სუფრის გავლენით “buche de noel“ იგივე „საშობაო ხის მორის ნამცხვარს“ ამზადებენ, რომლის ამბავიც ასეთია: ძველად საფრანგეთში შობას ხის მორებს წვავდნენ, შემდგომ კი მის ფერფლს ინახავდნენ და სწამდათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ის მათ ოჯახებს ბარაქას მოუტანდა. პარიზელმა გასტრონომიის შეფებმა ეს ტრადიცია საკმაოდ პრაგმატულად გამოიყენეს და ჩამწვარი ხის მორის იმიტაციის ე.წ. ტკბილი რულეტი შექმნეს, რომლის შიგნითა სიცარიელე შოკოლადის კრემით ამოავსეს. სწორედ ასეთი ნამცხვარი ამშვენებეს თურქეთშიც საახალწლო სუფრას.

 

საინტერესოა ვაშლის ტკბილეული, რომელსაც ანატოლიაში, ყველაზე მეტად კი ქალაქ ამასიასა და მის შემოგარენში დღემდე ახალი წლის აღსანიშნად ამზადებენ ხოლმე. შეგიძლიათ აიღოთ მომცრო ზომის ამასიური ვაშლი, ამოღრუტნეთ მისი გული, შიგ თაფლი, ქიშმიში, ნიგოზი, თხილის ფანტელები ჩადეთ და აურიეთ. სულ ზემოდან კი ცოტაოდენი კარაქი ჩაასხით, მას ამოჭრილი ადგილზე ისევ ვაშლის კანი დააფარეთ და 180 გრადუსზე ღუმელში გამოაცხვეთ. სუფრაზე მირთმევისას შეგიძლიათ მას გვერდით ნაყინის ბურთულაც მიუდოთ. ასეთი ტკბილეულით თან ბევრ სტუმარს გაუმასპინძლდებით, თანაც ყველა კმაყოფილი  და დანაყრებული დარჩება.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თურქეთში (ეს უკვე იტალიური საახალწლო სუფრის გავლენით) საახალწლო სუფრაზე ხორბლისგან დამზადებულ კერძებსაც ათავსებენ, ასევე მიღებულია ოსპის კერძებიც. ეს ყველაფერი ამ საკვები პროდუქტის მრავალმარცვლიანობას უკავშირდება, რაც ავტომატურად ბარაქას ნიშნავს. მოხარშული ხორბლის ტკბილი დესერტებიც საახალწლო სუფრებს ამშვენებს ხოლმე. ხორბლის შესახებ უფრო ვრცლად შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ.

 

თურქეთში საახალწლოდ ასეთი ტრადიციაც არსებობს, 12 საათი რომ ჩამოჰკრავს მეკვლის როლში ოჯახის ახლობელი სახლში შემოდის და კარის პარმაღზე ბროწეულს გახლეჩს. ბროწეულის სიუხვე ოჯახში ბარაქიანობის ზრდის ერთგვარი რიტუალია.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ბარაქასა და მშვიდობას გისურვებთ.

 



მსგავსი ინფორმაციები