თურქული კულტურის ისტორიიდან 11

ბაჯიანი რუმი, ე.ი. ანატოლიელ ქალთა გაერთიანებები

455120
თურქული კულტურის ისტორიიდან 11

როგორც ამ ციკლური პროგრამის წინა, მე-10 ნომერში გითხარით, რომ თურქების ანატოლიაში დასახლების შემდეგ სხვადასხვა ხელოსნური გაერთიანებები გაჩნდა ამქრების სახით და სწორედ მათ შესახებ გესაუბრეთ რა, პროგრამის ბოლოს გითხარით, რომ იმავე მე-11 და მე-12 საუკუნეებში ანატოლიაში ქალთა გაერთიანებებიც მოქმედებდა და მათ თურქები ბაჯიანი რუმის, ე.ი. ანატოლიელ დებთა, ანდა ქალთა გაერთიანებას უწოდებდნენ. დღეს, ამ ციკლური პროგრამის რიგით მე-11 ნომერში სწორედ ქალთა ამ გაერთიანებაზე გესაუბრებით. ახლა შუა საუკუნეების თურქებში ქალთა საზოგადოებების არსებობის შესახებმომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს…

წინა გადაცემაში გითხარით, რომ ანატოლიაში მოქმედი ხელოსნური, ე.ი. ამქრული გაერთიანებები დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებას, ზრდილობა-ზნეობრიობას და ეს ითქმის არა მხოლოდ მამაკაცთა, არამედ ქალთა გაერთიანებებზეც და მის ფარგლებში მის წევრ ქალებს თავის მხრივ დადებითი ზეგავლენა ჰქონდათ ჯერ სელჩუკთა და შემდეგ ოსმანთა სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე და მის განვითარებაზე. წინა გადაცემაში ისიც გითხარით, რომ ანატოლიაში შექმნილი პირველი ქალთა გაერთიანების ხელმძღვანელი იყო მამაკაცთა ამქრების პირველი ხელმძღვანელის აჰი ევრენის მეუღლე ფატიმა ჰათუნი, რომლის გარდაცვალების შემდეგ ქალთა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი გახდა სელჩუკთა სულთნის, ალაადდინ ქეიქუბად მესამის ქალიშვილი, დედოფალი მელიქე ჰათუნი, რომელიც ამავე დროს ოსმანეთის სახელმწიფოს შემქმნელი ოსმან გაზის პაპის, გუნდუზ ალფის მეუღლე იყო.

ფატიმა ჰათუნის გარდაცვალების შემდეგ ქალთა ახალი ლიდერი გახდა ოსმან გაზის შვილის, ერთუღრულ გაზის მეუღლე ჰალიმე ჰათუნი, რომელიც დედა იყო ოსმან გაზისა. მოკლედ, ქალთა ამქრების უფროსები ხშირად სელჩუკთა სასახლიდან, ანდა მათი ახლობლები იყვნენ. თანამედროვე ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევარები გაკვირვებულნი რჩებიან, როცა იგებენ, რომ შუა საუკუნეების თურქებში ასეთი ქალური, ე.ი. დღევანდელი გაგებით არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ. ასე მაგალითად, გერმანელი მკვლევარი ფრანს ტეშნერი იმდენად გაოგნებულია ჯერ სელჩუკებში და შემდეგ ოსმანეთში ქალთა გაერთიანების არსებობით, რომ ვერ იჯერებს, თუ შუა საკუნეების თურქებში ასეთი სამოქალაქო ორგანიზაციები მოქმედებდა

ძველი თურქი ისტორიკოსი და მოგზაური აშიქ ფაშაზადე როცა ანატოლიაში მოქმედ ხელოსნურ გაერთიანებებზე საუბრობს, ხაზს უსვამს, რომ მის პარალელურად ქალთა სოციალური გაერთიანებაც მოქმედებს, რომელსაც ბაჯიან რუმს, ე.ი. ანატოლიელ დებს ეძახიან. ცნობილი თურქი სუფისტის, ჰაჯი ბექთაშ ველის ჩანაწერების მიხედვითაც ქალთა გაერთიანებას ანატოლიაში დების სახელით მოიხსენიებენ და ეს იმიტომ, რომ გაერთიანების ყველა წევრი ქალი ერთმანეთთანაც და სხვებთან მიმართებითაც ყველანაირ ურთიერთობებში დებივით ექცეოდნენ ერთმანეთს

ანატოლიელ ქალთა საზოგადოების შესახებ წერენ ასევე არაბი მოგზაური იბნი ბატტუტა, რომელმაც ანატოლიაში მე-14 და მე-15 საუკუნეებში იმოგზაურა და კიდევ იმავე ეპოქის ფრანგი მოგზაური ბერტრანდონ დე ლა ბროკიერი. მათივე ცნობით თურქი ქალები ცხენებზე ჯდებიან და ბაზრებშიც დადიან

სხვათა შორის ხელოსნური ამქრების მიერ შექმნილ სამრეწველო ზონებში სპეციალური, ცალკე სამუშაო ადგილები იყო გამოყოფილი ქალებისათვისაც, სადაც ქალთა საზოგადოების წევრი ქალები მუშაობდნენ და ისინი ძირითადად ქსოვა-ქარგვით იყვნენ დაკავებულნი. ასე რომ, სწორედ ქალები ამზადებდნენ კარვებს, თოკებს, ხალიჩებს, ნოხებს, ფარდებს, მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და მებამბეობას, ამუშავებდნენ ქეჩას, ტყავს, სწავლობდნენ წერა კითხვას და ასე ეცნობოდნენ ქალთა გაერთიანების წესდებებს და მოთხოვნებს

გარდა ამისა ანატოლიელ დებთა წევრები დაკავებულ იყვნენ ქველმოქმედებითაც და მის ფარგლებში მატერიალურ დახმარებებს უჩენდნენ ღარიბ-ღატაკებს, მოხუცებს, ავადმყოფებს, ყველას სიმართლისკენ და შემწყნარებლობისკენ მოუწოდებდნენ, ასწავლიდნენ თურქული ენის სწორ გამომეტყველებას, თურქულ და ისლამურ კულტურას, ბავშვების სწორად აღზრდას, მეურვეობის ქვეშ აჰყავდათ ობოლი და უპატრონო გოგონები, ასწავლიდნენ მათ სპეციალობებს, გათხოვებამდის უვლიდნენ მათ და ა.შ.

თურქ მამაკაცთა ხელოსნური გაერთიანებების მთავარი დევიზი იყო: დაეუფლე შენს ხელს, წელს და ენას, რაც ასე იშიფრება: არ იქურდო, სხვა ქალების ნამუსს ნუ შეეხები, სხვის შესახებ ცუდს ნუ იტყვი, ხოლო ქალებისა კი: ყურადღება მიაქციე მეუღლეს, სამუშაოს და საჭმელს, რაც ასე იშიფრება: დაეხმარე მეუღლეს, რათა იგი ოჯახის ერთგული და მოყვარული დარჩეს, კეთილად აღზარდე შვილები და იზრუნე მათ გამოკვება-შენახვაზე, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი



მსგავსი ინფორმაციები