ამერიკის ახალი პრეზიდენტი ტრამპია

რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაშიც უპირატესობა მოიპოვეს

607298
ამერიკის ახალი პრეზიდენტი ტრამპია

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა ტრამპმა ფლორიდაში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, აიოვასა და პენსილვანიის მსგავს საკვანძო მნიშვნელობის შტატებში გაიმარჯვა და დელეგატთა რაოდენობა 289-მდე გაზარდა.

დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონისათვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 218 შეადგინა.

რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაშიც უპირატესობა მოიპოვეს.

ამ დრომდე დათვლილი ხმების მიხედვით, რესპუბლიკელებმა 205, დემოკრატებმა კი 138 დეპუტატი შეიყვანეს წარმომადგენელთა პალატაში.

სენატში კი რესპუბლიკელებიდან 52, დემოკრატებიდან კი 48 სენატორი შევა.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ განცხადებებმაც არ დააყოვნა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიულოცა.

კრემლის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანისათვის, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საკითხების მოგვარებისა და გლობალური საფრთხეების აღკვეთის საკითხებში ერთად იმუშევებენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნები შოკის მომგვრელია და ამომრჩეველმა არა ტრამპს, არამედ არსებული წყობის წინააღმდეგ მისცა ხმა.

საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ტრამპს ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

საფრანგეთის ელჩმა აშშ-ში აროდმა კი განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია და მსოფლიო მათ თვალწინ ინგრევა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა ტრამპს გამარჯვება მიულოცეს და აშშ-ევროკავშირის სამიტის უმოკლეს დროში გამართვა სთხოვეს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #არჩევნები , #დონალდ ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები