„კუთხე-კუნჭული“ 34/2020

ორი სპექტაკლი

1477131
„კუთხე-კუნჭული“ 34/2020

„კუთხე-კუნჭული“ 34/2020

ორი სპექტაკლი

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

 

თურქეთში ბოლო წლების განმავლობაში თეატრში ახალგაზრდა დრამატურგების მიერ შექმნილი პიესების მიხედვით სპექტაკლები იდგმება. რაღაც დოზით, კლასიკურმა, უკვე ბევრჯერ ნათამაშებმა პიესებმა დრო მოჭამეს. ეს დრომოჭმულობა კი დრამატურგებმა სახელდახელოდ გამოიყენეს და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე თავიანთ ნამუშევრებში ალაპარაკდნენ. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ ორ სპექტაკლს, რომლებმაც ბოლო დროის განმავლობაში მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა და არა მარტო თურქეთის არამედ ზოგად საკაცობრიო პრობლემებსაც შეეხო.

 

პირველი ასეთი პიესა გახლავთ „ჯამბაზები 2024“. პიესის მიმდინარეობა პოსტმოდერნისტულ სტილში, ჯამბაზების უსამშობლოობისა და უსახლ-კარობის შეგრძნებას ამძაფრებს. „რიკი საქვეყნოდ ცნობილი კოღოების მომთვინიერებელია, პაპი სულელებთა შორის ჩემპიონი, ბუკოს კი ისეთი ადამიანების გაცინება შეუძლია, ვისაც ცხოვრებაში ერთხელაც კი არ გაუცინია“. მათგან განსხვავებით, ვისაც სამსახურის, ოჯახის დაკარგვის ეშინია და ამის გამო კომპრომისზე მიდის, ჯამაბაზებს დასაკარგი არაფერი აქვთ. დიდი-დიდი სახეზე მაკიაჟი გაუცვდეთ, სხვა სადარდო მათ არ აქვთ, თუმცა ეს გარედან ასე ჩანს...პიესა პერსონაჟების შინაგან დიალოგებზე გადადის და მაშინ ვიგებთ დრამატურგის მთავარ სათქმელს.

ეს ჯამბაზები თანამედროვე მოაზროვნეების ერთგვარი სატირული „გათამაშებაა“. ისინი კაპიტალისტური წყობის უზარმაზარი „კედლის“ წინაშე „სიმართლეს ღაღადებენ“, თუმცა მათი ხმა ისე იკარგება, რომ არავის ესმის, ამიტომაც ისინი ჯამბაზის როლს ირგებენ და „ტოქ-შოუებად“ ქცეულ მედიაში პოულობენ ადგილს.

„აბა სცადეთ და დაძინებამდე თქვენს თავს ჰკითხეთ, როგორ შეიძლება შევცვალო ჩემი თავი? მაგრამ არა, სჯობს გაჩუმდეთ, რადგანაც უკვე ძილის დროა!“, ამბობს ერთ-ერთი ჯამბაზი.

სპექტაკლის მსვლელობისას ფონად თოქ-შოუების თანმდევი ხმები და მელოდიები ირთვება და ეს უფრო მეტად ამძაფრებს ჯამბაზების მიერ შექმნილი ილუზიის უკან დამალულ რეალობას.

მეორე სპექტაკლი, სახელწოდებით „შენ სტამბოლზე უფრო ლამაზი ხარ“ სამი სხვადასხვა თაობის ქალის ამბავს მოგვითხრობს. პიესის პერსონაჟები ბებია, ქალიშვილი, შვილიშვილი და სტამბოლია. ერთ სახლში მცხოვრებ ამ სამ ქალბატონს თითქმის იმდენივე რამ აქვს მოსაყოლი, რამდენიც  ამ მშვენიერ რამდენიც სევდისღრუბლებით მოცულ ქალაქს.

სცენაზე სამი სკამი და სამივე სკამზე ქალბატონი სხვადასხვა ფერის სამოსში გამოწყობილი და ფონად ადგილ-ადგილ გამოხეულ ნაჭერზე გამოსახული სტამბოლია. პიესა თითოეული ქალის მონოლოგს შეიცავს, არანაირი მოძრაობა, 80 წუთის განმავლობაში სკამზე მჯდომნი თავიანთ თავზე ჰყვებიან. თითოეულის საერთო სურვილი ერთია: არცერთ მათგანს არ სურს რომ თავის დედას ჰგავდეს. ასევე საერთოა ერთი ფრაზაც, რომელსაც სამივე ქალი თავის მონოლოგში იმეორებს: „რამდენი რამაა, რასაც ვერ ვყვები...“.

ქალების ისტორიების თხრობის პარალელურად ფონად სტამბოლის პეიზაჟები ერთმანეთს ენაცვლება და თითქოს სტამბოლიც მათთან ერთად სევდიან ქალად იქცევა, რომელიც ერთდროულად სამივე თაობის თანატოლია.


საკვანძო სიტყვები: #სპექტაკლი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები