თურქული სამზარეულო 43/2019

„ისლიმ ქებაბი“

1298727
თურქული სამზარეულო 43/2019

თურქული სამზარეულო 43/2019

„ისლიმ ქებაბი“

თურქული სამზარეულოს ხსენებაზე ბევრს პირველ რიგში „ქებაბი“ ახსენდება და მართალიცაა „ქებაბს“ ანუ ქაბაბას თურქულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თუმცა ამავდროულად თურქულ სამზარეულოში ძალზედ განსაკუთრებული ადგილი ბოსტნეულსა და პარკოსნებსაც უჭირავთ. ბევრი ქაბაბიც სწორედ ბოსტნეულთან ერთად მზადდება და დღეს სწორედ ასეთი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეს გახლავთ „ისლიმ ქებაბი“.

„ისლიმ ქებაბის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

4 ცალი ბადრიჯანი

1 ჭიქა ზეთი

4 ცალი პომიდორი ჩერი

2 ცალი მწვანე წიწაკა

500 გრამი ფარში

1 ცალი გახეხილი ხახვი

4 კოვზი გამხმარი დაფქული პური

2 კბილი დანაყული ნიორი

1 ცალი კვერცხი

½ ჩაის კოვზი მარილი

½ ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა

½ ჩაის კოვზი კვლიავი

½ ჩაის კოვზი შავი პილპილი

სოუსისთვის:

2 სუფრის კოვზი ზეთი

2 ცალი გახეხილი პომიდორი

1 კბილი გაჭყლეტილი ნიორი

½ წყლის ჭიქა ცხელი წყალი

¼ ჩაის კოვზი მარილი

½ ჩაის კოვზი შავი პილპილი

 

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად  ბადრიჯანი ზოლებად გათალეთ და გრძლად ოთხად გაჭერით. იმისათვის, რომ სიმწარე გაუვიდეს ნახევარი საათი მარილიან წყალში გააჩერეთ.  ამავდროულად ფარშს გახეხილი ხახვი, კვერცხი, გამხმარი დაფქული პური, გაჭყლეტილი ნიორი, ½ ჩაის კოვზი მარილი, 1/2 ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა,  ½ ჩაის კოვზი კვლიავი, ½ ჩაის კოვზი შავი პილპილი დაამატეთ და 10-15 წუთი ურიეთ.

მომზადებული ფარშისგან 8 ბურთულა გააკეთეთ და ტაფაზე ზეთში შეწვით.

ბადრიჯანი მარილიანი წყლიდან ამოიღეთ და კარგად გაწურეთ. ხელსახოცით გააშრეთ. ტაფაზე 2/3 ჭიქა ზეთი დაასხით და კარგად გააცხელეთ. ბადრიჯანი ამ ზეთში შეწვით. ზედმეტი ცხიმი შემწვარ ბადრიჯანს ხელსახოცით მოაცალეთ.

მწვანე წიწაკას ყუნწები მოაჭერით და თითო ოთხად გაყავით, პომიდორიც თითო ორად გაჭერით. ორი ცალი შემწვარი ბადრიჯანი ერთმანეთზე ჯვარედინად დადევით, შუაში შემწვარი ხორცის ბურთულა მოათავსეთ და გადაახვიეთ, ზემოდან მწვანე წიწაკა და პომიდორი დადევით და ხის ჩხირით დაამაგრეთ. ყველა ბადრიჯანი ასე შეახვიეთ და ღუმელის საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ.

2 სუფრის კოვზი ზეთი სოუსის ქვაბში ჩაასხით, დაამატეთ გახეხილი პომიდორი, კვლიავი, გაჭყლეტილი ნიორი, ¼ ჩაის კოვზი მარილი, ½ ჩაის კოვი შავი პილპილი. ყველაფერი ერთად 4-5 წუთი ადუღეთ და ღუმელიდან გადმოდგით.

მომზადებული სოუსი ხორციან ბადრიჯანს მოასხით. კერძი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი გამოაცხვეთ. სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. შეგერგოთ.

 


საკვანძო სიტყვები: #ქაბაბი , #თურქული სამზარეულო

მსგავსი ინფორმაციები