კუთხე-კუნჭული 10/2019

კუთხე-კუნჭული 10/2019

1202666
კუთხე-კუნჭული 10/2019

კუთხე-კუნჭული 109/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში თურქული ჩაის, როგორც კულტურული მოვლენის შესახებ ვისაუბრეთ. ახლა კი მინდა ცოტაოდენი რამ გითხრათ ასევე კულტურულ ფენომენად და ამავე დროს იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობად ქცეულ თურქული ყავის შესახებ. დასავლურ თუ ამერიკულ ფილმებში არც თუ იშვიათად ყური მომიკრავს თუ როგორ ითხოვს ფილმის პერსონაჟი ფრანგულ ან კიდევ ნიუ-იორკულ პატარა კაფეში ფინჯან თურქულ ყავას. მე, როგორც თურქოლოგსა და ამავე დროს თურქეთის კულტურითა და სოციო-მოვლენებით დაინტერესებულ ადამიანს, ყოველთვის მქონდა იმის ინტერესი, თუ რატომ დაერქვა ისეთი მცენარის ნაყოფისგან დამზადებულ ენერგიის წყაროდ ქცეულ სასმელს თურქული, როცა ყავის წარმოება და მოყვანა თურქეთში არა თუ საუკუნეების წინ არამედ ახლაც არ ხდება. მოდით, ცოტათი ისტორიას გადავხედოთ.

ყავის მცენარის სამშობლოდ არაბეთის ნახევარკუნძული მიიჩნევა. მისი გამოყენების პირველ თარიღად ჩვ.წ.აღ. მე-6 საუკუნე მიიჩნევა. მკვლევარების აზრით, ყავის იგივე coffee სახელწოდება ყავის წარმოების აკვნად აღიარებულ ეთიოპიის ქალაქ kaffa-დან მომდინარეობს. მე-15 საუკუნიდან ყავა ნელ-ნელა იემენიდან მექასა  და მედინაში, შემდგომში მოგზაურების ხელით ირანში, ეგვიპტეში და თურქეთში, თურქეთიდან კი ევროპაში გავრცელდა. ამავე პერიოდში ყავას ოსმალეთის სულთნის კარზეც გაუგეს გემო. სასახლიდან ყავა დაბალ სოციალურ ფენებშიც გავრცელდა და სულ მალე სტამბოლში ყავის დასაგემოვნებლად პატარა ადგილებიც გაიხსნა, რომლებსაც თაჰმისებს ეძახდნენ.

ევროპაში ოსმალური ფესვების გაძლიერებასთან ერთად აღმოსავლური უცხო ხილიც თავის არომატულ კვალს ტოვებდა. ერთ-ერთი მონათხრობის მიხედვით, ქალაქ ვენის ალყის დროს ოსმალებთან მთარგმნელის სტატუსით წარდგენილმა პოლონელმა ებრაელმა კოლჟიცკიმ ოსმალურ ჩარდახებში ტომრებით ყავა აღმოაჩინა და მათგან შემდგომში ყავა შეიძინა კიდეც. მერე კი ქალაქში ყავახანები გახსნა და ოსმალურმა ყავამაც აქედან დაიწყო გავრცელება.

1871 წელს სტამბოლში მეჰმეთ ეფენდიმ მამის დაწყებული ყავის ბიზნესი გააგრძელა და ზემოთ ხსენებულ თაჰმისებში ყავის მარცვლის მოხალვის მეთოდი შეიმუშავა. მეჰმეთ ეფენდი მოხალულ ყავას ფქვავდა და ისე ჰყიდდა. ქუჩები ახლად მოხალული ყავის სუნით, ეფენდის ყავახანა კი მუშტრით ივსებოდა.

დღეს, თურქეთში ბევრ უცხოურ ყავას და მისი დამზადების ათასგვარ მეთოდს თურქული ყავა  კონკურენციას საკმაოდ ღირსეულად  უწევს. მისი ადგილი შეუცვლელია, რადგანაც თურქული ყავის სმის რიტუალი, რასაც წინ წყლის რამდენიმე ყლუპის მოწრუპვა უძღვის, იმაზე მიუთითებს რომ თურქული ყავის გემო მთელი არსებით უნდა შეიგრძნო. თურქული ყავა სარძლოს ხელის თხოვნის პროცესის განუყოფელი ნაწილიცაა. თურქების აზრით, დაღლილ გონებას სიხალისესა და სისხარტეს თურქული ყავის მსგავსად ცოტა რამ თუ ჰმატებს.

ჩვენშიც უკვე რამდენიმე წელია თურქული ყავისადმი ინტერესი დამკვიდრდა. მისი დაგემოვნება, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი სოციალური ფენის საერთო რიტუალია. მხოლოდ რამდენიმე ყლუპისგან შემდგარი ეს პატარა ენერგიის წყარო ბევრი საინტერესო ამბის მსმენელიცაა, რადგანაც მისი თანხლებით საქვეყნო და პირადული ამბებიც კი ირჩევა.

 



მსგავსი ინფორმაციები