„კუთხე-კუნჭული“ 29 - 2023

„მცენარეთა მემკვიდრეობითი თესლი“

1963007
„კუთხე-კუნჭული“ 29 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 29 - 2023

„კუთხე-კუნჭული“ 29 - 2022-2023

„მცენარეთა მემკვიდრეობითი თესლი“

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი

დღეს, როცა ჩვენს გარშემო, სოციალურ მედიასა თუ ურბანულ გარემოში ხშირად გვესმის სიტყვათა შეთანხმება „ორგანული საკვები“, დავფიქრდებით ხოლმე, რა არის ეს ორგანული (ან ორგანიკული), რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საკვები პროდუქციისაგან განსხვავებით უფრო ძვირი ღირს და მისი მარკეტები უფრო ბუნებრივი დეკორაციით გამოიყურება. ისიც მართალია, რომ „ორგანული კვება“ ერთგვარ ობსესიურ მიდგომადაც კი იქცა, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორგანულით იკვებება, აღარ შეუძლია, რომ სხვა დაბალი ხარისხის, ნაკლებადღირებული და არაორგანული საკვები მიირთვას. თუმცა რამდენად ამართლებს „ორგანული“ წარწერის მქონე პროდუქტი თავის სახელწოდებას ეს უკვე სხვა უფრო პროფესიონალური განხილვის საკითხია. ჩვენ ამ გადაცემაში მხოლოდ ე.წ. ორგანიკული თესლის „მოგზაურობის“ თემას შევეხებით და ვნახავთ რა ძალა გააჩნია მას.

თურქეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათაგან, სადაც ორგანული თესლის გადარჩენის „კამპანია“ მიმდინარეობს. “Ata Tohum” თურქული ენიდან შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც „წინაპართა თესლი“ ან „მემკვიდრეობითი თესლი“. ეს მარცვლეულის ან ბოსტნეულის ისეთ თესლებს ნიშნავს, რომელმაც წინაპართაგან, რამდენიმე თაობის გადალახვის შედეგად მოაღწია ჩვენამდე. ასეთი თესლის ღირებულება ფასდაუდებელია, რადგანაც მას შეუძლია გაუძლოს დროს, კონკურენცია გაუწიოს „ერთჯერად“ თესლებს, რომელთა მეურნებაში წარმოების პერიოდი მხოლოდ ერთი სეზონია.

ასეთი თესლი გენის შეცვლის (გენის მოდიფიკაციის) გარეშე შენარჩუნებული, შენახული და გადარჩენილია თაობების მიერ. მისი გამოყენებისას მეურნე ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოს თესლს პირველი სახე, არ გამოიყენოს შხამ-ქიმიკატები. ანატოლიელ ფერმერებს, რომლებიც ზრუნავენ ასეთი თესლების გადასარჩენად, სპეციალური გარემო აქვთ იმისათვის შექმნილი, რომ ორგანულმა თესლმა ორგანულ მიწაში გააგრძელოს ჯერ კვდომა და შემდეგ აღმოცენება.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ანატოლიის ფართო მასშტაბიან სამეურნეო ჰექტრებზე ე.წ. სასუქის გამოყენებით ხდება ბოსტნეულის, ხილისა და მარცვლეულის მოსავლიანობის გაზრდა, რაც მიწის გამოფიტვას იწვევს. ამგვარად ანატოლიის მდიდარი მიწა დღეს უკვე დანამატების გარეშე მოსავალს აღარ იძლევა. ამას ემატება „ერთჯერადი“ თესლის გამოყენება, რომელიც არააადგილობრივი წარმოებისაა და ეს კიდევ სხვა პრობლემასაც ქმნის, ასეთი თესლების მწარმოებელ ქვეყნებზე დამოკიდებულების პრობლემას. ასე რომ დიდი კაპიტალისტური რგოლი იკვრება, რომელიც პირდაპირ ბრძოლას უცხადებს წინაპრების დატოვებულ მარგალიტივით გასაფრთხილებელ თესლის კიდობანს.

მრავალჯერადი თესლის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი სახეობები უფრო მრავალფეროვანია, მისგან აღმოცენებული პროდუქტი კი არომატული და სურნელოვანიც კი. ანატოლიაში ყველაზე გავრცელებული მემკვიდრეობითი თესლებისაგან  - ხორბლის თესლია. ის თაობათა ერთგვარ კულტურულ გენს ინახავს და მისი ფქვილისაგან გამომცხვარი პური ნოსტალგიურ განწყობასაც იწვევს. მისი მიმრთმევი სხვანაირი პატივისცემით იმსჭვალება და ასეთი პური მხოლოდ საჭმელი პროდუქტის ფუნქციას სცდება. ის წინაპართაგან დღევანდელობისადმი მიძღვნილი საჩუქარია, რომელსაც ჩვენი მხრიდან გაფრთხილება სჭირდება.

თურქეთში, ანატოლიასა და ეგეოსის ზღვის რეგიონში პატარა კოოპერატივებიც კი ჩამოყალიბდა, რომელსაც თურქულად ასე უწოდებენ “ata tohumun değiş-tokuşu” ანუ „წინაპართა თესლის გაცვლა-გამოცვლა“. მაგალითად თუკი რომელიმე სოფელში შემორჩენილია ძალიან ძველი ორგანიკული და მრავალჯერადი ხორბლის თესლი, მისმა მფლობელმა შეიძლება ის პომიდვრის თესლში გადაცვალოს. ასე, რეგიონებს შორის ორგანიკული თესლის გაცვლის პროცესი მისი ფართო მასშტაბზე გავრცელების საწინდარიცაა. ეს გაცვლა-გამოცვლა ჩვენი საუკუნის საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცნობიერების ამაღლების შედეგად, ბუნებისადმი უფრო მეტად ღირსეული მოპყრობის სურვილით წარმოშობილი „მოძრაობაა“.

შემონახული თესლის გამრავლება არა მარტო ამ საქმით დაკავებულ მეურნეებს, არამედ ისეთ მოყვარულ ფერმერებსაც შეუძლიათ, ვინც ახლახანს იწყებს მეურნეობის გაცნობას და მხოლოდ ორგანიკული პროდუქტის მოყვანა სურს.

 


საკვანძო სიტყვები: #მცენარე , #თესლი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები