თურქული სამზარეულო 08/2019

„ჰუნქარ ბეღენდი“ ანუ „კერძი, რომელიც ფადიშაჰს მოეწონა“

1152229
თურქული სამზარეულო 08/2019

თურქული სამზარეულო 08/2019

 

„ჰუნქარ ბეღენდი“ ანუ „კერძი, რომელიც ფადიშაჰს მოეწონა“

მოგესალმებით. წინა გადაცემებში აღვნიშნეთ, რომ თურქულ სამზარეულოში მინიმუმ 100 სახეობის კერძია, რომელიც ბადრიჯნისგან მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ბადრიჯანი ანატოლიაში საკმაოდ გვიან შევიდა, იგი თურქული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორედ ბადრიჯნისა და ბატკნის ხორცისგან მზადდება კერძი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ და ეს გახლავთ „ჰუნქარ ბეღენდი“ რაც ნიშნავს „კერძს, რომელიც ფადიშაჰს მოეწონა.“ არსებობს ამ კერძის შექმნის საკმაოდ საინტერესო ისტორია.

უცნობია რამდენად მართალია, მაგრამ დღემდე გადმოცემით მოღწეული ამბავი ასეთია: 1867 წელში ფადიშაჰი აბდულაზიზი საფრანგეთში ნაპოლეონ მესამესთან სტუმრად ჩასულა. ამ სტუმრობის დროს ნაპოლეონი მას თავის სასახლეში მიუწვევია. ნაპოლეონი მოუცლელობის გამო სტამბოლში ვერ წასულა და მის მაგიერ ოსმალეთის დედაქალაქში საფრანგეთის სამეფოს წარმომადგენელი დედოფალი ეუხენია გამგზავრებულა. დედოფალს თან მისი მზარეულიც წაუყვანია. სასახლის სამზარეულოში თურქ მზარეულებთან ერთად ფრანგ მზარეულს „ბეშამელის“ სოუსი მოუმზადებია. ამ ახალ სოუსს თურქი მზარეულის ყურადღება მიუქცევია, რომელიც იმ დროს ბადრიჯანს ცეცხლზე თუშავდა, სრესდა და მისგან სალათს ამზადებდა. თურქ მზარეულს მომზადებულ ბეშამელის სოუსში მოთუშული და გასრესილი ბადრიჯანი დაუმატებია. მზარეულს კერძის გემო მოსწონებია და ხორცთან ერთად იგი ფადიშაჰისთვის მიურთმევია. ფადიშაჰ აბდულაზიზს ეს კერძი ძალზედ მოსწონებია და მას შემდეგ მას „ჰუნქარ ბეღენდის“ ანუ „კერძს, რომელიც ფადიშაჰს მოეწონა“-ს უწოდებენ.

 

„ჰუნქარ ბეღენდის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

500 გრამი ცხვრის ხორცი

2 სუფრის კოვზი კარაქი

2 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

1 სუფრის კოვზი ძმარი

2 ცალი პომიდორი

2.5 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

5 ცალი ბადრიჯანი

1.5 სუფრის კოვზი ფქვილი

1.5 წყლის ჭიქა რძე

2 სუფრის კოვზი გახეხილი ქაშარი ყველი (მოცარელას ტიპის)

მარილი და ბეგქონდარა

მომზადების წესი:

ქვაბში ხორცი მოვთუშოთ მანამ სანამ მის მიერვე გამოყოფილ წყალს არ შეიშრობს. ჩავამატოთ კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი. 3 წუთი მოვთუშოთ და ჩავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი. გახეხილი პომიდორი, ბეგქონდარა, ცხელი წყალი, ბოლოს მარილი დავამატოთ და ვხარშოთ ხორცის დარბილებამდე. ბადრიჯანი გრილზე შევწვათ, კანი გავაცალოთ და 5 წუთი ლიმნიან წყალში გავაჩეროთ, ამოვიღოთ და კარგად გავწუროთ. შემდეგ წვრილად დავაქუცმაცოთ. ტაფაში კარაქი გავადნოთ, 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი ჩავამატოთ და გაყვითლებამდე მოვხალოთ. ცივი რძე ჩავამატოთ და თან ვურიოთ. რომ შესქელდება გაზქურიდან გადმოვიღოთ. წვრილად დაქუცმაცებული ბადრიჯანი, მარილი გახეხილი ყველი ჩავამატოთ, სწრაფად ვურიოთ და სერვისის თეფშზე გადმოვიტანოთ. ზემოდან მოხარშული ხორცი მოვაწყოთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

შეგერგოთ!  

 



მსგავსი ინფორმაციები