„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 19/2015 - ჰალიკარნას ბალიქჩისი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ ჰალიკარნას ბალიქჩისი - მეთევზე მწერალი

412746
„ლიტერატურა ჩაის თანხლებით" - 19/2015 - ჰალიკარნას ბალიქჩისი

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’

ჰალიკარნას ბალიქჩისი - მეთევზე მწერალი

მოგესალმებით. ვსაუბრობთ თურქული ლიტერატურის კიდევ ერთ განსხვავებულ წარმომადგენელზე, რომელმაც ლიტერატურას კვალი იმითაც დააჩნია, რომ ნაწერებში აღწერილი ამბების მონაწილე თავადაც გახლდათ. 

როცა ვსაუბრობთ ამერიკელ მწერალ ერნესტ ჰემინგუეიზე, ან კიდევ თურქ ნოველისტ საით ფაიქ აბასიანიკზე, მაშინვე გონებაში ცხოვრებისეული პატარ–პატარა ჩანახატები ცოცხლდება. ჰემინგუეი ომის ამბებს აღწერს, თუმცა არა ისტორიული ქრონიკების კვალდაკვალ, არამედ ისეთ უბრალო ამბად, რომ მხოლოდ ისტორიაში კარგად ჩახედული მკითხველი თუ მიხვდება რომელ ომზეა საუბარი. საით ფაიქის მოთხრობებშიც ცხოვრება იმდენად მარტივი ენითაა გადმოცემული, რომ მკითხველს ეჭვიც კი ეპარება იმაში, რომ საითი შეიძლება რომელიმე პერსონაჟს თავად იგონებდეს. სანამ ჰალიკარნას ბალიქჩისის შესახებ დავიწყებდე საუბარს, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ჰემინგუეის, საით ფაიქისა და ჰალიკარნასის პიროვნებისა თუ შემოქმედების შედარება ერთი რამით შეიძლება: ეს უბრალო ადამიანების სიყვარულია. მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია მარტივად გადმოსცეს დურგლის ან კიდევ მეთევზის სიკვდილი და ამით მკითხველს სიკვდილ–სიცოცხლეზე დაფიქრების საშუალება მისცეს.
ჰალიკარნას ბალიქჩისი იგივე მოსე ჯევათ შაქირი 1890 წელს კრეტაზე დაიბადა. სახელი მოსე დედამ დაარქვა, რადგანაც დედამისს მის დაბადებამდე სიზმარში ბიბლიური მოსე უნახავს. როგორც შემდეგში ჰალიკარნასი ყვებოდა, მოსეს მსგავსი მოთმინების უნარი მასაც დაჰყოლია, ყოველი განსაცდელის დროს თავის თავს ეტყოდა თურმე: ესეც გავიარეო. იმის გამო, რომ მამამისი სახელმწიფო მოხელე იყო, ბავშვობის გატარება საბერძნეთში მოუწია. სწორედ ამიტომ გვხვდება ჰალიკარნასის შემოქმედებაში ბევრი ბერძნული სახელი თუ ტოპონიმი. თავადაც ფსევდონიმი ჰალიკარნასი ბერძნული წარმოშობისაა და დღევანდელი ბოდრუმის ძველი სახელწოდებაა. გვარი ბალიქჩისი კი თურქულად მეთევზეს ნიშნავს. ეს გვარი მეთევზეებთან მეგობრული ურთიერთობის და მწერლობასთან ერთად ყველაზე მეტად ამ საქმით დაინტერესების გამო აირჩია. ეს თავისი გულუხვი ბუნებითაც შეიძლება აიხსნას, მისი თქმით მეთევზეები ხმელეთზე მომუშავეთაგან განსხვავებით ფულს არ აგროვებენ. ჰალიკარნასიც ასეთი ბუნების ყოფილა. უკანასკნელი გროშებით მეთევზეებს ლუდით უმასპინძლდებოდა. მან განათლება ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, უახლესი მსოფლიო ისტორიის სპეციალობით მიიღო. თუმცა მისი სურვილი მეზღვაურობა იყო ყოველთვის.
1925 წელს ჰალიკარნასი ერთი მოთხრობის გამო გაასამართლეს. მოთხრობაში ჩამოსახრჩობად გამზადებული ადამიანების ბოლო დღე იყო აღწერილი. ბალიქჩისი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამი წლით ბოდრუმში გადაასახლეს. ალბათ სიმბოლურიცაა, მწერალმა თავისი მოთხრობის გმირის ბედი გაიზიარა. ნოველაში ჯარისკაცი არ ემორჩილება პოლიციელს, გარბის, თუმცა მას მაინც იჭერენ და ჩამოახრჩობენ. მართალია მწერალი ვერ ჩამოახრჩეს, მაგრამ სტამბოლს ანუ განათლების კერას ჩამოაშორეს და პროვინციაში მიუჩინეს ბინა. ერთგან ბალიქჩისი წერს: „იტალიაში ასეთი ჩვეულებაა ხალხში, ყანის ჩიტებს იჭერენ, აბრმავებენ, შემდეგ გალიაში სვამენ, ისინი კი განუწყვეტელ გალობას იწყებენ. გადასახლებულ ჰალიკარნასსაც წერა არ შეუწყვეტია და თავის ხმას აწვდენდა სტამბოლს. სამი წლის შემდეგ ბალიქჩისი ისევ დაუბრუნდა სტამბოლს, თუმცა დიდხანს ვეღარ გაძლო და ბოდრუმში ცხოვრება გადაწყვიტა.
მწერალმა ბოდრუმის განახლებისათვის ბევრი იშრომა. ისიც ცნობილია ბოდრუმიდან ინგლისში წასაღებად, მაუსოლოს მეფის საფლავის ქვები რომ მოუპარავთ ბრითიშ მუზეუმში გამოსაფენად. ჰალიკარნასმა ინგლისის დედოფალს მისწერა, რომ ამ საფლავის ქვებს ბოდრუმის ცისფერი ცა და მზე უფრო უხდება ვიდრე მუზეუმის კედლები და მოითხოვა, რომ ქვები სასწრაფოდ ბოდრუმში დაებრუნებინათ. დედოფალს კი უპასუხნია: „ბრითიშ მუზეუმის კედლებს ცისფრად შევღებავთ, ქვებს კი პროჟექტორებით გავანათებთო.“ საფლავის ქვები ბოდრუმს არ დაუბრუნეს.
მწერალი ბოდრუმში მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, რადგანაც რამდენიმე დასავლური ენა დედაენასავით იცოდა. მან პროსპერ მერიმეს „კარმენი“ც თარგმნა. ერთგან ის წერს: „ჩემი შავტუხა ბოდრუმელი გოგოები კარმენივით თმაში მიმოზას უნდა იმაგრებდნენ.“ მან ევროპიდან მიმოზის ნერგები ჩამოიტანა და ბოდრუმი მიმოზებით გაალამაზა.
ჰალიკარნასი სიტყვა „გამარჯობას“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მისი მოთხრობების ციკლიც ასეა დასათაურებული: „გამარჯობა, აქდენიზ!“ (ხმელთაშუაზღვისპირეთი). მისი საფლავის ქვაზე აწერია: „გამარჯობა, ჰალიკარნას ბალიქჩისო!“ გარდაცვალებამდე ვაჟიშვილს სუათს ასეთი ანდერძი დაუტოვა: „დამკრძალეთ ბოდრუმში, მოგრძო ქვა იპოვეთ და ჩემს თავთან დადეთ. ზედ დაბადებისა და გარდაცვალების წლები არ დააწეროთ. მე არ მინდა, რომ ისეთ ადგილას დამასაფლავოთ, საიდანაც ჩემი საყვარელი ზღვა მოსჩანს, მე საფლავიდან მაინც ვერაფერს დავინახავ. მთავარია რომ ზღვა ჩემს სულში ცხოვრობს. თქვენ შორს იქნებით ჩემგან, მაგრამ ხანდახან მაინც ჩემს საფლავთან სტუმრობისას, ზღვასაც ესტუმრებით და მე კი გამარჯობას მეტყვით. მეთევზისათვის ერთი გამარჯობაც საკმარისია.
ჰალიკარნას სიკვდილთან დამოკიდებულებაც სხვაგვარი ჰქონდა. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ცხოვრებაში ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ. სიკვდილი გარდაუვალია. ის იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ სიცოცხლე მაინც უფრო მეტად ღირებულია. ცხოვრება ბუნებაა თავად. ანუ სიკვდილი ბუნების საწინააღმდეგოა. თუმცა ბუნება მაინც აღმატებულია მასზე. და კიდევ, მე ჩემი შვილებით დავამარცხე სიკვდილი, შვილები რომ არ მყოლოდა, ამას ნათესავებისა და ახლობლების სიყვარულით შევძლებდი, ისინიც რომ არ ყოფილიყვნენ, საბოლოოდ ადამიანი ხომ არსებობს, მათი შეყვარებით შევერკინებოდი სიკვდილს.

ჰალიკარნას ბალიქჩისმა თურქულ ლიტერატურაში ზღვის ტერმინოლოგია დაამკვიდრა, ისევე როგორც ეს გააკეთა მსოფლიო კლასიკოსებმა ჯეკ ლონდონმა, მელვილემ, ჰემინგუეიმ, საით ფაიქმა. ჰალიკარნას ბალიქჩისის 100–ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი, მათ შორის არის შთამბეჭდავი რომანი: ბურინა ბურინატა (1969), რომელსაც იმედია ოდესმე ქართულად ვიხილავთ, სხვა ბავშვები (1956), ზღვის შვილობილები (1969) და ათეულობით მოთხრობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები