უკრაინაში დატყვევებულმა რუსმა ჯარისკაცებმა პრესკონფერენცია გამართეს

მათ პუტინს ომის შეჩერებისკენ მოუწოდეს

1793120
უკრაინაში დატყვევებულმა რუსმა ჯარისკაცებმა პრესკონფერენცია გამართეს

უკრაინის ომში ტყვედ ჩავარდნილმა 7-მა რუსმა ოფიცერმა, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში მსახურობდნენ, უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ კიევის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-15 ალექსანდროვსკის ბრიგადის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს და ტყვედ ჩავარდნენ ჩერნიგოვის რაიონში. ამ პრესკონფერენციას მრავალი ადგილობრივი და უცხოური პრესის წარმომადგენელი ესწრებოდა და ტყვეობაში მყოფმა რუსმა ოფიცრებმა ისაუბრეს უკრაინაში წასვლის და ტყვედ ჩავარდნის პროცესზე.

ოფიცერმა სერგეი გალკინმა განაცხადა, რომ ის 2013 წლიდან არის საკონტრაქტო ჯარისკაცი და მათი ნაწილი 1 თებერვალს სარკინიგზო გზით გადაიყვანეს ბრიანსკის ოლქში იმ მოტივით, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ბელორუსიაში დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში. მისივე თქმით მისმა ნაწილმა ადგილობრივ ტყეში გაშალა ბანაკი და აქ ყოფნის მესამე დღეს გაიგეს უკრაინაზე თავდასხმის გეგმის შესახებ. “ტყეში ყოფნის მესამე დღეს, ჩვენი ნაწილის მეთაურმა წაიკითხა რუსეთის მთავარსარდლის (რუსეთის პრეზიდენტის) ვლადიმერ პუტინის ბრძანება უკრაინაზე თავდასხმის დაწყებისა და კიევის ოკუპაციის შესახებ. ამ დროს ჩვენ მობილურები და პირადობის მოწმობები ჩამოგვართვეს და მეორე დილით უკრაინისკენ გაგვაგზავნეს. საზღვრთან ახლოს მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის მახლობლად ჩვენი სამხედრო ავტომანქანები ჭაობში ჩაიფლნენ. ამ დროს ადგილობრივ მცხოვრებლებს შევხვდით, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ. მათთან შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენმა სნაიპრებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივმა უკრაინელებმა ცეცხლს ცეხლით უპასუხეს და გვიყვიროდნენ, რომ ან დავნებებულიყავით, ანდა ჩვენს სახლებში დავბრუნებულიყავით. სწორედ ამ დროს ჩვენ რეალურად გადავწყვიტეთ უკრაინელებისადმი  დანებება,”  განაცხადა გალკინმა.

კიდევ ერთმა ოფიცერმა, ვლადიმერ რასკაზოვმა თავის არმიელ თანამებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდათ: “მე აქვე პუტინსაც მოვუწოდებ, შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინაზე. ჩვენ როცა რუსეთში დავბრუნდებით, პუტინის წინააღმდეგ გამოვალთ,“ აღნიშნა რასკაზოვმა. დატყვევბული რუსი ოფიცრების თქმითვე, მათი ბრიგადა 2014 წელში, ე.ი. ყირიმის ოკუპაციის წინ, სირიაში სამხედრო პოლიციის ნაწილში მსახურობდა.



მსგავსი ინფორმაციები