„კუთხე-კუნჭული“ 7-2022

თერძი - უძველესი პროფესია

1779210
„კუთხე-კუნჭული“ 7-2022

„კუთხე-კუნჭული“ 7-2022

თერძი - უძველესი პროფესია

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

სიტყვა თერძი სპარსული ენიდან დარზი, თარზი, თურქულში შევიდა როგორც თერზი, ხოლო ქართულში თერძი. თუმცა ქართულში დღეს იშვიათად თუ ვინმე იყენებს სიტყვა თერძს მკერავის მნიშვნელობით. მზა ტანსაცმლის ინდუსტრიამ ჯერ სამკერვალო ატელიეები, შემდეგ კი ამ პროფესიის მიმდევართა რიცხვი შეამცირა. დღეს უკვე დიდი ქალაქების ძველ უბნებში აქა-იქ თუ წავაწყდებით თერძის აბრებს. უკვე რეტრო სტილად ქცეულ სამკერვალოებში საკმაოდ ასაკოვანი ხალხი მუშაობს, ისინი ისევ შეჩვეული თვალითა და ხელის ოსტატობით ხელით უყრიან ნემსის ყუნწში ძაფს და ტარიფებსაც შეგნებულად არ ზრდიან, აქაოდა ძველი კლიენტი არ დავკარგოთო.

თურქეთშიც და საქართველოშიც ადვილი შესამჩნევია ნელ-ნელა როგორ მცირდება პატარა სახელოსნო-სამკერვალოების რაოდენობა და მათ ადგილს როგორ იკავებს მზა, ერთი შეხედვით უსულო მაღაზიები. სახელოსნოებთან ერთად კი იკარგება მკერავებთან გაბმული იმ საუბრების ლაზათი, რომელიც მთელი დღის დადებით მუხტად ღირდა.

შეიძლება ითქვას, რომ თერძის პროფესია იმ დღიდან იღებს სათავეს, როცა ადამიანმა სხეულის ტანსაცმლით დაფარვის საჭიროება შეიგრძნო. სავარუდოა, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩნდებიან ადამიანები, ვინც ნებსით ნუ უნებლიეთ ამ ტანსაცმლის სიგრძეს, მასალის რაობასა და ფერებს განსაზღვრავდა. ცხოველის ტყავისგან შექმნილი ჩვენი წინაპრების სამოსს ისინი გათლილი ძვლების ნემსის ფუნქციის გამოყენებით ერთმანეთზე ამაგრებდნენ. ნელ-ნელა კი მცენარეებისაგან ქსოვილისა და ადამიანის სხეულის ფორმების მიხედვით სამოსის შეკერვა ისწავლეს.

თერძის პროფესია ოსმალეთის იმპერიაში ერთ-ერთ წამყვან პროფესიად მიიჩნეოდა. „ჩირაქები“ იგივე შეგირდები ოსტატ თერძების  მიერ მკაცრი კონტროლით ირჩეოდნენ, მათ გარდა იმისა რომ მახვილი თვალი ასევე მარჯვე ხელი უნდა ჰქონოდათ. შეგირდს 10-15 წელი სჭირდებოდა, რომ ოსტატ თერძად ჩამოყალიბებულიყო. სტამბოლის თერძები განთქმული იყვნენ. მათი უმეტესობა წარმოშობით ებრაელი ან სომეხი იყო. მათ ეს პროფესია დინასტიურად გადაეცემოდათ. მათ ისეთი ოსტატური ხელი ჰქონდათ, რომ იმდროიდან შემორჩენილ უკვე ისტორიულ ნიმუშად ქცეულ ტანსაცმელს საკერავი მანქანის შეკერილისაგან ვერ განასხვავებთ.

ოსმალეთის იმპერიაში თერძის პროფესიის მაღალ დონეზე არსებობას სტამბოლში თოფქაფის სასახლის მუზეუმში არსებული სულთნის კარის ტანისამოსიც მოწმობს. სულთნების, ვალიდე სულნთების ანუ სულთნის დედების, ცოლების და დების, ჯარიების იგივე მოახლეების მოვარაყებულ-მოქარგული, ძვირფასი ქსოვილით თითქმის უნაკლოდ შეკერილი სამოსი ხელოვნების ნიმუშებია. მათ მნახველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი მოდის შემქმნელი მსოფლიოში წამყვანი დიზაინერები იმ ეპოქაშიც ცხოვრობდნენ.

ბოლო დროის სწრაფი მოდის ფონზე თერძის პროფესია თითქმის არასაჭირო ხელობებს შორის მოიაზრება. არც არავის აქვს პასუხი იმაზე, თუ რა დაემართება პატარ სამკერვალოებს, სადაც ის მოხუცი თაობაც მიდის, რომელიც თავისით წყნარად, სულ იაფად კერავდა ყველაფერს, კერვის პროცესში უსმენდა რადიოს და შუადღისას ჩამოტარებულ ცხელ ჩაის ან ყავას თვალმილულული სვამდა. მათ შორის კანტიკუნტად ახალგაზრდებსაც შეხვდებით. ეს არცაა გასაკვირი, ახალ თაობებში, ვისაც კერვა და ხატვაც ეხერხება „სელებრითების“ გზას მიჰყვებიან. მათ წინ კარგი მაგალითები აქვთ იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალო თერძობიდან საქვეყნოდ განთქმულ დიზაინერად იქცე.

თურქეთშიც დღეს აქა-იქ თუა შემორჩენილი თერძის ატელიეები. ძველ უბნებში სარდაფში ან კორპუსის პირველ სართულზე თუ წააწყდებით მათ. დიდ სავაჭრო ცენტრებში კი მათი პოვნა შესაძლებელია, თუმცა იქ ის აურა არ ტრიალებს, ძველი ატელიეებისაგან განსხვავებით იქ მხოლოდ საქმიანი და მწირი საუბრები  იმართება ხოლმე.


საკვანძო სიტყვები: #თერძი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები