„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 25-2021

"ფრიგიელები, გორდიონი, ფრიგიის ხეობა, იაზილიქაია და ქალღმერთი კიბელე"

1693412
„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 25-2021

„ანატოლიის კულტურული საგანძურები“ 25-2021

"ფრიგიელები, გორდიონი, ფრიგიის ხეობა, იაზილიქაია და ქალღმერთი კიბელე"

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

 

მუზეუმის დათვალიერებისას გაგიკვირდებათ ალბათ რომ დაინახავთ, რომ საგნები, რომლებსაც დღეს იყენებთ, ასევე ათასობით წლის წინაც გამოყენებოდა. ამ მინის კარადებში მოთავსებული ჭიქები, თასები, საყურეები თუ მონეტები გიბიძგებთ თუ არა დაფიქრდეთ ძველი ცივილიზაციების და კაცობრიობის მიერ განვლილ ეტაპებზე? შეიძლება ჩვენთვის შეუძლებელი იყოს იმის ცოდნა, თუ რომელმა ცივილიზაციამ შექმნა პირველი სამზარეულოს ჭურჭელი ან პირველი ორნამენტები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომელმა ცივილიზაციამ გამოიგონა საკინძი, რომელსაც ჩვენ დღესაც ვიყენებთ, თუმცა არა ისე, როგორც ადრე: ესენი არიან ფრიგიელები!

ფრიგიელები ანატოლიის უძველესი ცივილიზაციაა ხეთების შემდეგ. ისინი არიან პირველი საკინძის "ფიბულას" და პირველი პან ფლეიტის გამომგონებლები. მათ პირველებმა ანატოლიაში გააკეთეს სათამაშოები თავიანთი შვილებისთვის და შექმნეს მსოფლიოში უძველესი მოზაიკა... ადამიანების მსგავსად მოსაუბრე ცხოველთა ზღაპრების შემქმნელებიც ისინი არიან, ფრიგიელები იყვნენ პირველი იუველირები ...

ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ფრიგიელები ანატოლიაში ბალკანეთის გავლით მოვიდნენ. თავდაპირველად ისინი დასახლდნენ ანკარის რაიონ პოლატლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დროთა განმავლობაში კი განსახლდნენ რეგიონში, რომელიც მოიცავდა ესქიშეჰირს, აფიონქარაჰისარს, ქუთაჰიას, თოკათს, სამსუნს და ანატოლიაში ძლიერ სახელმწიფოდ იქცნენ. ისინი სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. კარგად ფლობდნენ ფარდაგების ქსოვას. ფრიგიელები თავიანთ გეომეტრიულ შაბლონურ ფარდაგებს "ტაპატებს" უწოდებდნენ; ეს ცივილიზაცია მოწინავე იყო არქიტექტურასა და ხელოვნებაშიც.

ფრიგიელებმა შექმნეს შთამბეჭდავი ცივილიზაცია სამი ათასი წლის წინ ანატოლიაში. ვულკანებით წარმოქმნილ კლდეებში მონუმენტენი, ციხეები და სახლები გამკვეთეს. ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობენ, თვალწარმტაცი ადგილია.

მათი დედაქალაქი გორდიონი ითვლება უძველეს სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასახლებად. გორდიონი არის უძველესი ქალაქი, სადაც გამოირჩევა მონუმენტური ფრიგიული არქიტექტურა, სამეფო ოჯახის და არისტოკრატების სამარხები. უძველეს ქალაქ გორდიონში აღმოჩენილი ნივთები გვეხმარება დავინახოთ ის დონე, რასაც მიაღწიეს უძველესმა ცივილიზაციებმა არქიტექტურასა და ხელოვნებაში და გავიგოთ მათი ცხოვრების წესი. გორდიონი, რომელიც მდებარეობს ანკარის პოლატლის რაიონში, შეტანილი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში.

რეგიონი, რომელიც მოიცავს ესქიშეჰირს, აფიონს და ქუთაჰას, დღეს ცნობილია როგორც ფრიგიის ხეობა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიგიის ხეობა არის ადგილი უნიკალური კლდოვანი ძეგლებით და გასაოცარი ისტორიით, ის სამწუხაროდ არც თუ ისე ცნობილია, მაშინ როცა, ეს თვალუწვდენელი ხეობა ხსნის სრულიად სხვა სამყაროს კარებს თავისი დასახლებული ადგილებით, სამსხვერპლოებით, სამარხებით და კლდეების გვირაბებით, რომლებიც ადამიანის ხელით არის გამოკვეთილი კლდეებში, ისევე როგორც კაპადოკიაში. ამიტომ მას უწოდებენ ანატოლიის "მეორე კაპადოკიას". იგი ანატოლიის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა... აქ ასევე არის საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკი, რომელიც შეიქმნა უძველესი საგზაო ქსელის საფუძველზე, რათა რეგიონი უფრო ცნობილი გამხდარიყო. ეს არის 500 კილომეტრიანი "ფრიგიული გზა", რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით და წითელი და თეთრი ფერებით არის აღნიშნული. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ეს 3000 წლის წინანდელი იდუმალი ხეობა, რომელიც ღია ცის ქვეშ მუზეუმია, ფეხით ან ველოსიპედით. არჩევანი თქვენზეა!

ფრიგიული გზა, რომელიც სამი წერტილიდან იწყება, იაზილიქაიაში უერთდება ერთმანეთს. იაზილიქაია ითვლება ფრიგიელთა რელიგიურ ცენტრად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღია ცის ქვეშ ძეგლად მსოფლიოში. აქ არის კლდის მონუმენტი და ის ცნობილია როგორც "მიდასის ძეგლი", რადგან მასზე არსებულ წარწერაში იკითხება სიტყვა "მიდაი". მაგრამ ადგილობრივები მას "იაზილიქაიას" უწოდებენ კლდეებზე არსებული წარწერების გამო. ეს შენობა, რომელიც ფრიგიული ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია, აოცებს მნახველებს, რადგან არ შეიძლება არ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეძლეს კლდის მთელი ბლოკისთვის ასეთი ფორმის მიცემა. ექსპერტები ამბობენ, რომ 17 მეტრი სიმაღლის ძეგლი ზემოდან ქვემოთაა ამოკვეთილი. მასზე ასოების ზომა 40-45 სანტიმეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ასოების წაკითხვა შესაძლებელია, რადგან ის წააგავს ძველ ბერძნულს, მისი მნიშვნელობა უცნობია. ვინაიდან ფრიგიული ენა ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, წარწერაში არსებული ათობით სიტყვა ელოდება იმ დროს, როდესაც ის თავის საიდუმლოს გაგვიმხელს ...

მიდასის ძეგლის ფასადი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იაზილიქაია, მორთულია გეომეტრიული მოტივებით და მის ცენტრში არის კარის სიმბოლოს განყოფილება. ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარი ქალღმერთის კიბელეს ქანდაკებას ამ განყოფილებაში ანთავსებდნენ რელიგიური ცერემონიების დროს. ანატოლიის უძველესი ქალღმერთი კიბელე, ფრიგიელთა უმნიშვნელოვანესი ქალღმერთი და ადამიანის სახით გამოსახული ერთადერთი ფრიგიული ღმერთია. ფრიგიელები მას სიუხვის და ნაყოფიერების განსახიერებად მიიჩნევდნენ... მთავარი ქალღმერთ კიბელეს მრავალი ქვის ქანდაკება იქნა ნაპოვნი იაზილიქაიაში. მიდასის ძეგლი ითვლება ქალაქის დაცვის ნაწილად, ფრიგიელთა სხვა წმინდა ძეგლების მსგავსად. რადგან ასეთ ძეგლებს აგებდნენ სტრატეგიულ გზებზე მაღალ ადგილებში. გარდა ამისა, მონუმენტური კლდის წყალსაცავი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო მისი აგების დროს, ასევე ამ ქალაქში მდებარეობს.

მთავარი ქალღმერთის რწმენა ფრიგიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის საუკეთესო მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ესქიშეჰირის სივრიჰისარის ოლქის უძველეს ქალაქ პესინუსში. ფრიგიელები თვლიდნენ, რომ ეს უძველესი ქალაქი იყო ადგილი, სადაც მთავარი ქალღმერთი კიბელე ცხოვრობდა. ამიტომ პესინუსი ცნობილია როგორც ფრიგიელთა რელიგიური ცენტრი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი ადგილი. ფრიგიელებს სჯეროდათ, რომ კიბელეს უფორმო ქანდაკებას სამკურნალო ძალა ქჰონდა, რომელიც წმინდად ითვლება, რადგან ის ციდან გადმოვიდა. პესინუსი გახდა ცენტრი, სადაც ტარდებოდა ცერემონიები მთავარი ქალღმერთისათვის და მათი რიცხვი, ვინც მთავარ ქალღმერთს თავს უძღვნიდა, დღითიდღე იზრდებოდა. დღეს მკვლევარები ფიქრობენ, რომ ის, რაც ჩამოვარდა პესინუსში, იყო მეტეორიტი და რომ მაგნიტური გავლენის გამო იმ დროს ხალხი მას წმინდად მიიჩნევდა. ვინაიდან უძველესი ქალაქი პესინუსი მდებარეობდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე, ის ასევე იყო ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი რომაულ და ბიზანტიურ პერიოდში.

ანტიკურ ქალაქში გათხრები ოცდაათ წელზე მეტია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი, არქეოლოგებმა ჯერ ვერ იპოვეს მთავარი ქალღმერთის კიბელეს ტაძარი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, მაგრამ კვლევები პესინუსში საერთაშორისო ჯგუფთან ერთად გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები