წყალი და კაცობრიობა 23/2021

თერმული და თერმომინერალური აბანოები

1576747
წყალი და კაცობრიობა 23/2021

წყალი და კაცობრიობა 23/2021

თერმული და თერმომინერალური აბანოები

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები თვლიდნენ, რომ წყალს აქვს თერაპიული თვისებები და მას სამკურნალოდ იყენებდნენ... მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია თერმული წყლის აბანოებს... ცივილიზაციების უმეტესობა ამ ადგილებს წმინდად მიიჩნევდა, რადგან ისინი კურნავდა ჭრილობებს და აღადგენდა პაციენტების ჯანმრთელობას... თერმული წყლის აბანოები ყოველთვის იარსებებს ადამიანების ცხოვრებაში. ისინი მედიცინის განვითარებასთან ერთად გარკვეული პერიოდი უკანა პლანზე დარჩა, თუმცა მთლიანად მასზე უარი არასოდეს უთქვამთ.

ბუნებრივი გარემოდან მოშორება, ქალაქის ცხოვრების სტრესი და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, ყველაფერი ეს დღევანდელ ადამიანებს უბიძგებს სხვადასხვა გამოსავალი მოძებნონ. დამხმარე და პროფილაქტიკური მკურნალობის კუთხით თერმული წყლების აბანოების მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ეს ძალიან სასარგებლო მინერალური წყლები თანამედროვე მედიცინაში დღეს გამოიყენება როგორც "ბალნეოლოგიის" მეცნიერების დარგის სამკურნალო ელემენტი. ახლა უკვე თერმულ აბანოებში დავდივართ, რომ ვისარგებლოთ წყლის სამკურნალო ძალებით ან წყლით სიმშვიდე მოვიპოვოთ. ანატოლია არის "თერმული სამოთხე", რომელიც უხდება მრავალ დაავადებას, რევმატიზმს, სასუნთქი გზების დაავადებებს, ნერვული სისტემის დარღვევებს, სისხლის მიმოქცევის პრობლემებს და სხვა.

როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თბილ წყლებში განკურნება, როდესაც ზემოდაგ გათოვთ? თუ ეს სიტყვები მხოლოდ ოცნების ნაყოფია? ანატოლია ამ მხრივ სავსეა მოულოდნელობებით, როგორც ყველა სხვა საკითხში! აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, სადაც თურქეთში ზამთრი ყველაზე მკაცრია, სწორედ ისეთი თერმული აბანოა, როგორზეც ვსაუბრობდით! ფამუქქალეს ტრავერტინების მსგავსი თერმული აბანოები, აღრის რაიონ დიადინში მდებარეობს. აბანოების წყალი კლასიფიცირებულია, როგორც არა მხოლოდ თერმული, არამედ როგორც თერმომინერალური. იმისათვის, რომ მიწიდან ამოსული წყალი თერმულად ჩაითვალოს, იგი 20 და მეტი ცელსიუს ზემოთ უნდა იყოს. თუ იგი შეიცავს 1 გრ-ზე მეტ გახსნილ მინერალს ლიტრზე, ეს წყალი თერმომინერალურად ითვლება. დიადინის აბანოებს აქვთ ეს თვისება, ანუ ისინი შეიცავს ლიტრ წყალში ერთ გრამზე მეტ მინერალს, როგორიცაა ბიკარბონატი, ქლორიდი, სულფატი და კალციუმი. სამკურნალო წყლის ტემპერატურა, რომელიც დაახლოებით 300 მეტრის სიღრმიდან ამოდის, დაახლოებით 80 გრადუსია... წყალი, რომლის ტემპერატურაც 45 გრადუსამდე მცირდება გაგრილების აუზების გავლით, აუზებში იგზავნება. აბანოების წყლები უხდება რევმატიზმს, კანის, ძვლისა და ართრიტის დაავადებებს და მეტაბოლიზმის დარღვევებს.

დიადინი, ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, იმისთვის, რომ წყალთან ახლოს ყოფილიყო, მდინარის ნაპირზე დაარსდა. იმ რეგიონში, სადაც აბანოები მდებარეობს, მდინარე მურატი გაედინება. ადგილი, სადაც მდინარე მურატი აემოდინება, არის ჩამქრალი ვულკანური მთა ტენდურეკი.

დიადინში ასევე არის უძველესი ქალაქი, რომელიც აღწერილია, როგორც "ცივილიზაციების აკვანი", ანტიკური ქალაქი მეია. ანტიკური ქალაქი მეია ციცაბო კლდეებშია გამოკვეთილი; ამ უძველეს ქალაქში უამრავი გამოქვაბულია, რომლებიც ოთახებისთვის, სამზარეულოსთვის და სალოცავი ადგილებისთვის იყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულებში ნაპოვნია სხვადასხვა რელიგიის კვალი, განადგურების გამო მხოლოდ კლდეში ამოკვეთილი ანტიკური საკურთხეველი, ჯვრის ფორმის ქვები და სამარხებია დღემდე შემორჩენილი.

ნელ-ნელა გადავიდეთ ანატოლიის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და გადავხედოთ ცენტრალური ანატოლიის რეგიონის თერმულ აბანოებს. ანატოლიის ტერიტორიაზე ხეთური პერიოდიდან დაწყებული დღემდე აღწევს თერმული აბანოების ტრადიცია... სელჩუკებისა და ანატოლიის სამთავროების დროს რომაული და ბიზანტიური თერმული წყაროები შეაკეთეს და თურქულ აბანოებად გადააკეთეს. თურქებმა რომაული პერიოდის აუზებს გარშემო ცალკე დასაბანი ადგილები მიამატეს. ოსმალებმა სელჩუკებიდან შემორჩენილი აბანოები განაახლეს და მათი გამოყენება დაიწყეს. ასეთია დედაქალაქ ანკარაში ჰაიმანა, კიზილჯაჰამამი და აიაშის გადაკეთებული თერმული აბანოები.

თურქეთის თერმული წყლებით ცნობილი ერთ-ერთი ქალაქია აფიონკარაჰისარი... ამ ქალაქში დაახლოებით სამოცდაათი თერმული წყარო და აბანოა. ფიქრობენ, რომ ცხელი წყლები ფრიგიელთა დროიდან გამოიყენება. იგი ასევე გამოირჩევა მსოფლიოში ცნობილი ტალახის აბანოებით. განსაკუთრებით ორთოპედიული ოპერაციებისა და სპორტული ტრავმების შემდეგ, გამოჯანმრთელების დონე ძალიან მაღალია. აფონიქარაჰისარის გამორჩეული აბანოებია გეჯეკი, გაზლიგოლი, ჰეიბელი და ომერი.

ჩვენ ვთქვით, რომ ცხელი წყაროებისადმი ინტერესი უძველესი დროიდან არასდროს შემცირებულა. სამკურნალო წყლებისადმი ინტერესი გაგრძელდა შუა საუკუნეებშიც, როდესაც მედიცინა არასაკმარისი იყო. ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის აღდგენა სურდა, ამ სპეციალურ ადგილებში დღეების განმავლობაში რჩებოდნენ. მე-19 საუკუნეში მთელ მსოფლიოში გაიზარდა თერმული წყლების მნიშვნელობა. იმ დროს იალოვას თერმულმა აბანოებმა მრავალ უცხოელ სახელმწიფო მოღვაწესაც უმასპინძლა... მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი იალოვას თერმული წყლები ათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა ცივილიზაციის სამკურნალო ცენტრი იყო.

თერმული აბანოები მოუვლელი დარჩა და დაზიანდა პირველი მსოფლიო ომის გამო. თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის იალოვაში ვიზიტმა შეცვალა მათი ბედი... რადგანაც ათათურქი, რომელიც თერმული აბანოებით აღფრთოვანდა, თქვა: ”ეს იქნება მომავალი წყლის ქალაქი” და სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო თერმალში, რომელიც დღეს იალოვას რაიონია. თერმალი მსოფლიოში ცნობილ ცენტრად გადაიქცა.

თერმალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო რომაული, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმალეთის პერიოდების სამკურნალო ცენტრი, ახლაც გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. თერმული წყლების ტემპერატურა მერყეობს 54-64 გრადუს ცელსიუსს შორის და შედის სამკურნალო წყლების კლასში, რომელიც შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს და სულფატს. ამ სამკურნალო წყლებს იყენებენ რევმატიზმის, მეტაბოლიზმის, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის დაავადებების, ფსიქოლოგიური დარღვევების დროს და ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ. დღეს იალოვას თერმული აბანოები, რომელიც დაცულია უნიკალური ფლორის, ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების გამო, ერთ-ერთია მსოფლიოში რამდენიმე ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრიდან.

დასავლეთ ანატოლიის რეგიონი ანატოლიის ყველაზე მდიდარი ტერიტორიაა თერმული წყლის რესურსების მხრივ... იმის გამო, რომ ელინისტური ცივილიზაციის პირველი ქალაქები შეიქმნა დასავლეთ ანატოლიაში, ამ რეგიონში უძველესი პერიოდიდან შემორჩენილი მრავალი თერმული აბანოა და ბევრი მათგანი აღმოჩენას ელოდება. თერმული წყლების რაოდენობის გათვალისწინებით იზმირი თურქეთის უმდიდრესი ქალაქია. აგამემნონი - დღევანდელი ბალჩოვა - რომელიც ტროას ომების მეთაურისა და მიკენის მეფის სახელს ატარებს, თერმული წყაროებით გამოირჩევა, იზმირში ოცდაათზე მეტი თერმული აბანოა! ბერგამას თაოსნობით იზმირი თავისი თერმული წყლებით კურნავს სეფერიჰისარის, ჩეშმეს და დიქილის თერმულ აბანოებში მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან ჩასულ ადამიანებს!

ბალიქესირის გონენის თერმული აბანო, რომელიც რეგისტრირებულია როგორც მსოფლიოში "ყველაზე მინერალური წყალი", ბურსას რაიონ ინეგოლში მდებარე ოილატის აბანო, რომელიც სჯერათ, რომ მომაკვდავ პაციენტებსაც კი არჩენს, დენიზლის რაიონ ფამუქქალეში მდებარე პატარა წითელი ტრავერტინებიანი ჰაითლის აბანო, რომელსაც რკინის მაღალი შემცველობა აქვს, ანატოლიაში ოსმალური აბანოს არქიტექტურის წარომადგენელი ბურსას აბანოები, ესქისეჰირი, ქუთაჰია და კიდევ ასეულობით... რა თქმა უნდა, თითოეული განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია!

დღეს ჩვენ შევეცადეთ მოგვეთხრო იმ ტრადიციისა და თერმული წყლების შესახებ, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში არსებობს ანატოლიის ტერიტორიაზე. 



მსგავსი ინფორმაციები