„კუთხე-კუნჭული“ 15/2019

„კუთხე-კუნჭული“ 15/2019

1204731
„კუთხე-კუნჭული“ 15/2019

„კუთხე-კუნჭული“ 15/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

ბებიაჩემი, რომელიც ყოველ დილით ახალთახალ, ნოტიო, ხასხასა თუთის ფოთლებს აგროვებდა, მერე ამ ფოთლებით აბრეშუმის ჭიებს კვებავდა, მათგან მოქსოვილი პარკიდან კი ძაფს ახვევდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უძველესი ხელსაქმიანობის ტრადიციას აცოცხლებდა და აგრძელებდა. ჩინურ მითოლოგიაში აბრეშუმის ძაფის და ჭიის ჯადოსნური ცხოვრების აღმოჩენის მრავალი ლეგენდა არსებობს. მისი გამოყენების წესს ჩინელები, როგორც სახელმწიფო საიდუმლოებას ისე ინახავდნენ. თუმცა შემდგომში აბრეშუმი და მეაბრეშუმეობა ჩინეთიდან ევროპამდე გავრცელდა. სწორედ, აბრეშუმს უკავშირდება ცნობილი სატრანზიტო გზა, რომელსაც ისტორიული „აბრეშუმის გზა“ ეწოდება. ეს სახელწოდება მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობას არ გულისხმობდა. ჩინეთიდან ევროპამდე სახმელეთო გზით აბრეშუმის გატანა ერთგვარ სარფიან „ბიზნესად“ მიიჩნეოდა, თუმცა შემდგომ აბრეშუმს ყველა ის საქონელი დაემატა, რისი ტრანსპორტირება და გაყიდვაც შეიძლებოდა. 

აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ამ სტრატეგიული გზით ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. II საუკუნიდან ვაჭრობდნენ. ეს იყო სახელმწიფოთა შორის ე.წ. თავისუფალი ვაჭრობის ყველაზე დიდი გზა-ინვესტიცია, რომლის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბარი საუკუნეების შემდეგაც დღემდე აქტუალური თემაა. სწორედ აბრეშუმის გზამ შეუწყო ხელი ხალხთა შორის კულტურათა და ეკონომიკური და ბოლო დროს ტექნოლოგიური სიახლეების გაცვლა-შესწავლას.

ჩინეთიდან დაწყებული ეს ისტორიული გზა ინდოეთისა და შუა აზიის გავლით კასპიის ზღვით ამიერკავკასიას უკავშირდებოდა, მერე  გადაკვეთდა საქართველოს და შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა. დღეს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური არეალი ცენტრალური, დასავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს, შემდგომ კი გეზს ევროპისკენ იღებს.

„რკინის აბრეშუმის გზის“ პროექტს რაც შეეხება, ის ისევე როგორც უძველეს ეპოქაში, აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებთან დამაკავშირებელ უმოკლეს და უსწრაფეს ალტერნატიული გზების ძიებას უწყობს ხელს.

ოფიციალური ინფორმაციით, „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში უკვე მოქმედებენ ტრასეკას, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის „დიდი ნავთობსადენისა“ და ბაქო-თბილისი-ერზრუმის „დიდი გაზსადენის“ მაგისტრალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ეკონომიკური რეალობა კასპია – შავი-ზღვის რეგიონში, შექმნეს განვითარების ახალი პირობები და გააძლიერეს არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

დღეს ამ ყველაფერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალიც ემატება, რომელსაც ,,რკინის აბრეშუმის გზას” უწოდებენ. იგი უმოკლესი მარშრუტით ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს – ევროპასთან აკავშირებს და პირიქით.

საქართველო და თურქეთი ამ სტრატეგიული ჯაჭვის განუყოფელი ნაწილები არიან. თუმცა საქართველოს რაც შეეხება, სწორედ ამ მიზეზით, მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერი ტექნოლოგიური თუ კულტურული ნოვაციები მასზე გავლით იქ კვალს ტოვებენ. იმერული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ „ჭურში ჯდომა“ რომც გვინდოდეს, ამის ფუფუნებას დიდი ხნით ჩვენი არც თუ ისე ურიგო სტრატეგიული მდებარეობა არ გვანებებს და დინამიურობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. თუმცა ეს სხვა თემაა და აქ ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ.

აბრეშუმის ჭიის მიერ ამოხვეული და მერე ბებიაჩემის ხელსაქმედ ქცეული ამ სასწაულებრივი ძაფის მიერ გაკვლეული სტრატეგიული გზის მნიშვნელობაზე საუბარს ამ გადაცემის ნაწილში ვასრულებ, შემდგომ გადაცემაში კი აბრეშუმის ჭიის მეტამორფოზაზე და როგორც თურქულ ისე ქართულ ლიტერატურაში მის სიმბოლურ გამოვლინებებზე გავაგრძელებ ბაასს.

 



მსგავსი ინფორმაციები