უცხოური პრესა 24.08.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

558274
უცხოური პრესა 24.08.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ესპანური Euro Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის არმიამ და აშშ-ის ლიდერობით საერთაშორისო კოალიციამ ოთხშაბათს დილით ჯიჰაფისტთა ჯგუფის დეაშის სირიის ქალაქ ჯერაბლუსიდან განსადევნად ოპერაცია დაიწყო. თურქეთის ძალებმა ადგილობრივი დროით 04.00 საათზე ჯერაბლუსში დეაშის პოზიციებზე საარტილერიო იერიში მიიტანეს. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერაციის მიზანი „საზღვრის ტერორისტული ჯგუფებისგან გაწმენდა, უსაფრთხოების გაუმჯობესება და სირიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა.“

რუსული Sputniknews-ის თანახმად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერთობლივმა სპეციალურმა სამუშაო ძალებმა და კოალიციის საჰაერო ძალებმა სირიის ქალაქ ალეპოს რაიონის ჯერაბლუსის რეგიონში ტერორგანიზაცია დეაშის ნაწილებისგან გასაწმენდად სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. სამხედრო წყაროების ცნობით, 81 სამიზნეზე 294 გასროლა განხორციელდა. „ამ წუთიდან მოყოლებული სროლა გრძელდება. ჰაერში მოლოდინის პოზიციაში მყოფი ორი  F-16 მომენტალურად აღმოჩენილ სამიზნეებს ბომბავს“ - აღნიშნავს წყარო. ოპერაციაზე საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ზომიერ ოპოზიციას. ალამ ასევე აღნიშნა: „თურქეთი ტერორთან ომშია. ამ რეგიონში თურქეთის მიმართ ღია საფრთხე არსებობს. თურქეთი ამ ვითარების მიმართ უმოქმედოდ ვერ იქნება. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ჩვენს გვერდით შექმნილ საფრთხეებს ვერ დავუშვებთ. ჩვენს საზღვრებზე ტერორისტული საფრთხის განადგურებამდე ოპერაცია გაგრძელდება. მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ზომები გატარდა. 6 სოფელი დაიცალა. ჩვენ უარს ვერ ვიტყვით სირიის ტერიტორიულ მთლიანობაზე.“

ამავე თემას ეხება გერმანული Deutsche Welle-ს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთმა საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან ერთად სირიის ჩრდილოეთით მდებარე ჯერაბლუსში ტერორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. სამხედრო წყაროების ცნობით, დეაშის სამიზნეებს ჰაერიდან და ხმელეთიდან ბომბავენ. ოპერაცია ოთხშაბათს დილით ადრე თურქეთის საზღვართან ახლოს ჯერაბლუსში დეაშის პოზიციების დაბომბვით დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს ინფორმაციით, ოპერაცია თავდაცვის მიზნით ტერორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ და თურქეთის საზღვრის ტერორგანიზაციისგან გასაწმენდად დაიწყო. თურქეთი, რომელიც დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას გეგმავს, აშშ-ს ლიდერობით საერთაშორისო კოალიციისათვის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

კატარული „ალ ჯაზირა“-ს ინტერნეტ გვერდზე კი გავრცელებულია ინფორმაცია სახელწოდებით „ჯერაბლუსში ოპერაცია „ევფრატის ფარი“, რომლის თანახმადაც, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერთობლივმა სპეციალურმა სამუშაო ძალებმა და კოალიციის საჰაერო ძალებმა სირიის ჯერაბლუსის რეგიონის ტერორგანიზაცია დეაშის ნაწილებისგან გასაწმენდად სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციას „ევფრატის ფარი“ უწოდა. ოპერაციის ფარგლებში, 81 სამიზნეზე 294 გასროლა განხორციელდა. „ალ ჯაზირა“-სთვის ინფორმაციის მიმწოდებელი სამხედრო წყაროს ცნობით „ამჟამად საბრძოლველად სირიის მხარზე თურქი სამხედროები გადასული არ არიან. სპეცდანიშნულების ნაწილები სირიაში არ შესულა.“ AA-ს ცნობით, სამხედრო წყაროები იუწყება, რომ „სირიის ჩრდილოეთში ოპერაციის ფარგლებში გასასვლელის გახსნა გრძელდება.“  

 

 


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა , #უცხოური

მსგავსი ინფორმაციები