უცხოური პრესა 30.03.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

461206
უცხოური პრესა 30.03.2016

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ რუსული საინფორმაციო პორტალ „სპუტნიკნიუს“-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელშიც აღნიშნულია: რუსული სამხედრო დელეგაცია, თურქული თვითმფრინავების მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პირველად ჩავიდა თურქეთში. სამი ოფიცრისაგან შემდგარმა დელეგაციამ ეუთოს ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გაზრდის ვენის დოკუმენტის ფარგლებში იზმირის დაბა ფოჩაში მდებარე საზღვაო ბაზაზე საზღვაო ქვეით ბრიგადაში „შეფასების ვიზიტი“ განახორციელა.

ამერიკის ხმის ინტერნეტ გვერდზე ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ამერიკის ხმისათვის მიცემულ ინტერვიუში ბოლო პერიოდში თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაფუჭების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები უარყო და აღნიშნა, რომ ზოგიერთ საკითხზე ორ მოკავშირეს შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ეს ჩვეულებრივი პროცესია. მან ასევე დაამატა: „ჩვენ ორი მნიშვნელოვანი პარტნიორი ვართ და საერთო მიზნები გაგვაჩნია. მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა საკითხზე შესაძლოა სხვადასხვაგვარად ვფიქრობდეთ. ამ მოსაზრებების ხმამაღლა თქმის დროს კი ისე ჩანს თითქოს ორ ქვეყანას შორის პრობლემებია. ვერც ერთ ქვეყანას ვერ ექნება ყველა საკითხზე ერთნაირი მოსაზრება. მაგალითად PYD-ს საკითხზე ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, ჩვენ სხვაგვარად, მაგრამ იმის გამო, რომ განსხვავებულად ვფიქრობთ ხომ არ გავიბუტებით.“

ყირიმის საინფორმაციო სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც აღნიშნულია: თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მაჰირ უნალი „უკრაინის ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენის“ გახსნაში მონაწილეობის მისაღებად და რიგი შეხვედრების ჩასატარებლად დღეს უკრაინის დედაქალაქ კიევში მიემგზავრება. უნალი დაესწრება „უკრაინაში ოსმალური/თურქული მემკვიდრეობისა და გალიციის გმირთა“ სახელწოდების შეხვედრას, რის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის უკრაინის ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში და მოინახულებს თურქულ სტენდს. თურქი მინისტრი უკრაინის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელს ივან ლიპტუგას და უკრაინული ტურისტული ოპერატორების წარმომადგენლებს შეხვდება. იგი ასევე შეხვედრას გამართავს უკრაინის ვიცეპრემიერსა და კულტურის მინისტრთან ვიაჩესლავ კირილენკოსთან.

და ბოლოს, ირანული საინფორმაციო სააგენტო ფარსის ცნობით, დაიწყო თავრიზი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი. ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის გზებისა და ურბანიზაციის სამმართველოს გენერალური დირექტორის თევჰიდ აჰლაკის განცხადებით, თავრიზი-ბაზერგანის სარკინიგზო ხაზის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულება გასული წელში გაფორმდა და იგი 5 წელიწადში დასრულდება. აჰლაკის თქმით, თავრიზი-ბაზერგან-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური სამუშაოები გასულ წელში დაიწყო, პროექტისათვის უცხოური დაფინანსების რესურსების წინადადება წამოაყენეს და არსებული პროექტის დასაწყებად საჭირო ნებართვები აიღეს.


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #პრესა

მსგავსი ინფორმაციები