უცხოური პრესა 11.06.2014

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

90779
უცხოური პრესა 11.06.2014


გასულ კვირაში ბოდრუმში თურქულენოვანი ქვეყნების მეოთხე სამიტი გაიმართა. სამიტს პრეზიდენტი აბდულლა გიული, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაური ნურსულთან ნაზარბაევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და ყირგიზეთის მეთაური ალმაზბეკ ატამბაევი ესწრებოდნენ. ჩინური საინფორმაციო სააგენტო სინხუას ცნობით, სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი გიული და განაცხადა, რომ თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო რეგიონალური ერთობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა, თურქეთის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება და საერთო პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან. ინფორმაციის მიხედვით, აბდულლა გიულმა განაცხადა: „ჩვენს მიერ ამ საბჭოს შექმნის მიზანი ურთიერთდახმარება და რეგიონალური თანამშრომლობის გაზრდა გახლავთ. ბედნიერი ვარ იმით, რომ დასახულ მიზანთა უმრავლესობა შევასრულეთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომავალში ჩვენი ქვეყნების ხალხთა კეთილდღეობა გაიზრდება და გავაძლიერებთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“.
თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო თურქულენოვან ქვეყნებს შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის გაზრდის მიზნით 2009 წელში შეიქმნა. დღესდღეისობით მასში გაწევრიანებულია თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. წელს 4 ივნისს ბოდრუმში გამართული ლიდერთა სამიტის თემას ქვეყნებს შორის ტურისტული თანამშრომლობა წარმოადგენდა.

სტამბოლში ახალი აეროპორტის საძირკველის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერი ერდოღანი, რომელმაც აეროპორტი გამარჯვების მემორიალად შეაფასა და დაამატა, რომ მის მშენებლობაზე ათასობით ადამიანი დასაქმდება. ამ თემას ეხება შვეიცარიაში გამომავალი გაზეთი Tages Anzeiger-ი და წერს, რომ აეროპორტის მშენებლობა 2018 წელში დასრულდება და წელიწადში 150 მილიონი მგზავრის მომსახურების მასშტაბით მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება. აქვე აღნიშნულია, რომ ამჟამად ყველაზე დიდი ატლანტას აეროპორტი 2013 წელში 94 მილიონ მგზავრს მოემსახურა. სტატიის მიხედვით, ახალი აეროპორტი თურქეთის ავიახაზების მთავარი პუნქტი იქნება. გაზეთისვე ცნობით, სტამბოლში ევროპის კონტინენტზე მდებარე ათათურქის აეროპორტის მგზავრთა გამტარიანობა 37 მილიონი, ხოლო აზიის კონტინენტზე მდებარე საბიჰა გოქჩენის აეროპორტისა კი 13 მილიონია. აქვე აღნიშნულია, რომ ახალი აეროპორტი ერთ-ერთია იმ მეგა პროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავისათვის.

იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSAmed-ის ინფორმაციით, 2014 წლის მარტში თურქეთში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2 მილიარდ 797 მილიონ დოლარს მიაღწია და 2013 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 49,6%-ით გაიზარდა. აქვე აღნიშნულია, რომ 2013 წლის პირველ სამ თვეში იტალიამ 69 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, რაც 2014 წლის ამავე პერიოდში 397,1%-ით 343 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აქვე ნათქვამია, რომ თურქეთში ყველაზე მეტ ინვესტიციებს ჰოლანდია, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, ინგლისი, გერმანია და ავსტრია ახორციელებენ. სააგენტოს თანახმად, თურქეთში ამჟამად აქტიურია 38.116 უცხოური კომპანია.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები