თურქული პრესა 24.08.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1696159
თურქული პრესა 24.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან და იმიგრაციულ პრობლემებთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური დიპლომატიური სატელეფონო საუბრები გამართა მსოფლიოს 6 ქვეყნის ლიდერთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. "ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირი საჭირო და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ქვეყნის იმიგრაციული ზეწოლებისგან დასაცავად"- განაცხადა ერდოღანმა, წერს "იენი შაფაკი".

Vatan-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო ის სპორტსმენები, რომლებმაც მედლები მოიპოვეს 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.  ერდოღანმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს იმ სპორტსმენებთან შეხვედრით, რომლებმაც სამშობლო ასახელეს და ოქროს, ვერცხლის თუ ბრინჯაოს მედლების მოპოვებით, ტოკიოს კვარცხლბეკზე თურქეთის სახელმწიფო ჰიმნი ააჟღერეს.

"თურქეთი არ წარმოადგენს მიგრანტთა ბანაკს" - ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს გაზეთი Sabah-ი, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიქმა, ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ისედაც იფარებს მილიონობით სირიელ ლტოლვილს და ამიტომ მას აღარ შეუძლია სხვა მიგრანტების მიღება. “ჩვენი სამშობლო არ წარმოადგენს მიგრანტთა ბანაკს და იგი აკონტროლებს მთელ თავის საზღვრებს" - განაცხადა ჩელიქმა.

Hürriyet-ის ცნობით, 24 საათის განმავლობაში გაირკვა, რომ ბრიტანული მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა ავღანელი ლტოლვილებისათვის თურქეთსა და პაკისტანში დროებითი ბანაკების შექმნა იგეგმება, ყალბი და დეზინფორმაცია აღმოჩნდა. BBC-მ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თურქულ ენაზე ბოდიში მოიხადა და უკან გაიტანა ეს ინფორმაცია, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა: ”ჯერ ერთი აქამდე ჩვენთვის, ამ მიმართულებით არ მოსულა არცერთი ქვეყნიდან არანაირი ოფიციალური მოთხოვნა, მეორეც, რომც მოვიდეს ასეთი მოთხოვნა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვით მასზე.“

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე კიდევ ერთხელ ახარებს მკითხველს თურქი ქალი ფრენბურთელების წარმატებით. “თურქ ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბ ჯგუფში წუხელ, რუმინეთის ქალაქ კალოშვარში ფინეთის ნაკრები ანგარიშით 3-0 დაამარცხა და ამით 4 თამაშიდან ოთხივე მოიგო“ - წერს "ჰაბერთურქი".  



მსგავსი ინფორმაციები