„კუთხე-კუნჭული“ 42/2020

იორუქები

1509786
„კუთხე-კუნჭული“ 42/2020

„კუთხე-კუნჭული“ 42/2020

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გაფრინდაშვილი

იორუქები

ისტორიულად ანატოლიის ტერიტორიაზე სხვადასხვა მომთაბარე ტომებს უცხოვრიათ. სიტყვისაგან „იურუიენ“, რაც „მოსიარულეს“ ნიშნავს, ტერმინი „იორუქი“ წარმოიშვა და ოსმალეთის იმპერიაში მომთაბარე ეთნოსის წარმომადგენლები ოფიციალურად სწორედ ამ სახელით გაფორმდნენ. იორუქები ბალკანეთის ნახევრაკუნძულიდან ირანამდე, კასპიის ზღვის რეგიონიდან ერაყამდეც არიან დასახლებულნი და იქაც ამავე სახელით მოიხსენებიან.

მიუხედავად იმისა, რომ იორუქების წარმოშობა სხვადასხვა ეთნოსების სინთეზს უკავშირდება, არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელ თურქეთში მცხოვრები იორუქების დიდი ნაწილი თურქმენული წარმოშობისაა. თვითონ სიტყვა თურქმენიც გარდა ეთნოსის დასახელებისა, რწმენის ერთ-ერთ მიმდინარეობასაც აღნიშნავს. იმასაც ვარაუდობენ, რომ იორუქები შუა აზიიდან წამოსული, შემდგომში რელიგია შეცვლილი თურქმენები არიან.

დღეს იორუქები კონიის, ანტალიის, მერსინისა და იზმირი-ბერგამას რეგიონებში არიან დასახლებულნი. მათი დიდი ნაწილი ისევ ძველი სტილით კარვებში ცხოვრობს და თავს მესაქონლეობით ირჩენს. თუმცა ბერგამას რეგიონში მათი დასახლების ტიპი კარვებისა და ე.წ. ტალახის ქოხურების ნაცვლად კეთილმოწყობილი ერთსართულიანი აგურისაგან ნაშენები სახლებია. შიდა ანატოლიაში ქარამანის რეგიონში იორუქები ზაფხულს იალაღებზე ატარებენ, ზამთარში კი ბარში მერსინის რეგიონ მუთში ჩადიან.

იორუქების სამზარეულოში საკვები გამძლეობაზეა ორიენტირებული. შესაბამისად მათთან მზეზე გამხმარი პროდუქტისა და წყლის შემცველობით მაღალი მაჩვენებლის მქონე ბოსტნეულის ე.წ. პასტის სახით გარდაქმნის შენახვის ტრადიციაა. თარჰანას ფერმენტირებული საკვებიც იორუქების სამზარეულოში დიდ ადგილს იკავებს. ისინი თხის ან საქონლის ყველს ხალმებში ამარილებენ, რაც ყველის დიდხანს შენახვას უწყობს ხელს. ასევე გამძლეობის მიზნით იორუქები ფურცლოვან პურს იგივე გამომშრალ  პურს გამოიყენებენ. ამ პურის გამოსაცხობად საჯს იყენებენ; საჯი თუჯის ამობერილი ფილაა, რომელზეც პურს აცხობენ. გამომცხვარ ფურცელივით თხელ პურს კი მზეზე აშრობენ და მისი ერთი წლის განმავლობაში შენახვაც შესაძლებელია.

იორუქები ოთფეხა საქონლიდან ყველაზე მეტად თხებს იყოლიებენ ხოლმე. თხა, მათ მომთაბარე ცხოვრების ნებისმიერ პირობებს ერგება, მსხვილფეხა საქონლისაგან განსხვავებით მათ მგზავრობაც უფრო მეტად უადვილდებათ. დღესდღეობით თურქეთში და თითქმის მთელი მსოფლიოს გასტრონომიაში ტრენდად ქცეული თხის ყველი და თხის რძის პროდუქცია, თურქეთში იორუქების მიერ იწარმოება. იალაღების ბალახით გამოკვებილი თხის რძისაგან დამზადებული პროდუქტი კი განსაკუთრებით ცხიმიანი და სასარგებლოა.

მიუხედავად იმისა, რომ იორუქები მთელს დედამიწაზე გაბნეული მომთაბრე ხალხია, მათ ანატოლიაში მაინც მოიკიდეს ფეხი და იქ უკვე რამდენიმე თაობაა, რაც ცხოვრებას აგრძელებენ. მათ ეთნოსურ წარმოშობას დღეს ახალგარზდა ანთროპოლოგები სწავლობენ, მათთან ერთად თვეების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებიან. ასევე ხშირია ლინგვისტების იორუქებთან ექსპედიციის მიზნით სტუმრობის ფაქტებიც. ცნობილია, რომ ამ მომთაბარე ეთნოსის სალაპარაკო ენა თურქული ტომების ენის ანალოგიურია, თუმცა დღეს ისინი თანამედროვე თურქულს იყენებენ, რაც ანატოლიის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევითაა გამოწვეული.

 


საკვანძო სიტყვები: #იორუქი , #იორუქები , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები