რუსები კიევში გუშინ ღამით თავს დაესხნენ სავაჭრო ცენტრს

თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

1799098
რუსები კიევში გუშინ ღამით თავს დაესხნენ სავაჭრო ცენტრს

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გუშინ ღამით დედაქალაქ კიევის პოდილსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამავე ცნობით, თავდასხმის შემდეგ დანგრეულ შენობაში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 25-ე დღე შაეფასა და თქვა, რომ რუსეთის წინსვლა ფრონტის ყველა ხაზზე შეჩერებულია და რუსულ მხარეს არ აქვს ამ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა. მისივე თქმით, რუსეთში სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო და უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ჯარის მეთაურებს სიმხდალესა და ხასიათის სისუსტეში ბრალდებებს უყენებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკვე 6 რუსი გენერალი იქნა ლიკვიდირებული. მანვე გასაოცარი უწოდა რუსეთის არმიაში უფროსი ოფიცრების სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს.

გუშინ, რუსმა დეპუტატმა ეკატერინა ალტაბაევამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მარიუპოლში შეტაკების დროს დაიღუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, უფროსი პოლკოვნიკი ანდრეი პალი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.


საკვანძო სიტყვები: #სავაჭრო ცენტრი , #კიევი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები