მსოფლიოს რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე

მსოფლიოს რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე

1782875
მსოფლიოს რეაქცია პუტინის გადაწყვეტილებაზე

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას და შესაბამის განკარგულებაზე ხელის მოწერას მსოფლიოს მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:  „ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას, მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება, უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა“.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი:  „ძალიან შეშფოთებული ვარ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სტატუსის შესახებ იქნა მიღებული. ეს არ შეესაბამება გაეროს წესდების პრინციპებს“.

პუტინის მხრიდან გადადგმული ამ ნაბიჯის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი: „რუსეთის გადაწყვეტილება, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით სამარცხვინო ქმედებაა.“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი: „დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ‘დამოუკიდებლობის’ აღიარება, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, დიდი ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი ემზადება სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის“.

დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებას“ ეხმაურება ჩინეთის საგარეო უწყება და ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

მეორეს მხრივ, პუტინის მხრიდან გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, საქართველო, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ირლანდია და სხვა მრავალი ქვეყანა, რომლებიც მოსკვის ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.



მსგავსი ინფორმაციები